ახალი ამბები

ახალი ორთოპოქსვირუსი (Orthopoxvirus) საქართველოში

3 მაისი, 2014 •
ახალი ორთოპოქსვირუსი (Orthopoxvirus) საქართველოში

“ეს არის ვირუსი, რომელიც იწვევს მსუბუქ დაავადებას. გამოვლინდა სამ ადამიანში. სამივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობდა, გარკვეული გამონაყარით და ტემპერატურით. ვირუსი რამდენიმე დღეში გადის. საქართველოში ეპიდზედამხედველობის სისტემა არის მყარი და გამართული. რადგან ერთ–ერთი ახალი ვირუსი არ გამოგვეპარა”– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სამეცნიერო კვლევები ახლად გამოვლენილი ვირუსის გავრცელების არეალის, ძირითადი მიმღები ორგანიზმებისა და ადამიანთა დაინფიცირების შესაძლო რისკის ფაქტორების შესახებ გრძელდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის მეცნიერების მიერ.


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორთოპოქსვირუსების ჯგუფს ძირითადად მიეკუთვნება მაიმუნის, ძროხის, ხარის, აქლემის და ადამიანის ყვავილის ვირუსები.


ადამიანის ყვავილის ვირუსი  ამჟამად ერადიცირებულია და მისი ეტალონური ნიმუში მსოფლიოს მხოლოდ 2 ლაბორატორიაში ინახება.


დღესდღეობით ადამიანთა ორთოპოქსვირუსით გამოწვეული ინფექციაა ზოონოზია (ანუ ადამიანს გადაეცემა მხოლოდ ცხოველისგან და ადამიანიდან-ადამიანზე არ ვრცელდება). ადამიანთა ინფიქცირების შემთხვევების კვლევისას მნიშვნელოვანია გეოგრაფიული გავრცელების არეალისა და ძირითადი მიმღები სახეობების ცოდნა.


მაიმუნის ყვავილი უმთავრესად გვხვდება აფრიკაში, კერძოდ, ზაირში, თუმცა ადამიანთა დაავადების შემთხვევები აღწერილია აშშ-შიც, რომელთა დაინფიცირების წყარო იყო აფრიკიდან იმპორტირებული ცხოველები.


ძროხის ყვავილი გვხდება მხოლოდ ევროპასა და რუსეთში და მიუხედავად მისი დასახელებისა, იშვიათია მსხვილფეხა რქოსან საქონელში. მიმღები ორგანიზმებიდან ყველაზე ხშირად ვირუსი აღმოჩენილია შინაურ კატებში, რომელთაგანაც ხდება ადამიანთა დაინფიცირებაც. ძროხის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები აღწერილია ევროპის ერთ-ერთი ზოოპარკის ბინადარ სპილოში, რომლმაც დააინფიცირა მომვლელი.


2013 წლის ზაფხულში საქართველოში პირველად იქნა გამოვლენილი ორთოპოქსვირუსის ახალი გენოტიპი, რომელიც მანამდე არ იყო აღწერილი. შესაბამისად, მსოფლიო ფილოგენეტიკურ ხეზე ჩამოყალიბდა ორთოპოქსვირუსების ჯგუფის ცალკე განშტოებად. ვირუსი გამოყოფილი იქნა ადამიანებიდან, თუმცა დაავადებული იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც. დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქად და დასრულდა სრული გამოჯანმრთელებით.


მასალების გადაბეჭდვის წესი