საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზაზა მეფარიშვილისა და ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგისგან მიიღო.

მიტროპოლიტმა გიორგიმ პრემიერს განუმარტა, რომ გოგნის ტაძარში ყოველწლიურად, გიორგობის დღესასწაულზე ათი ათასობით ადამიანი მიდის და მათთვის ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმაზომიერად მიმდინარეობს, რაც გზების პრობლემას უახლოეს მომავალში მთლიანად მოაგვარებს.
სოფელ გოგნამდე მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე დასრულდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 344 851 ლარია.
წმინდა გიორგის სახელობის „გოგნის კარუგდებლის“ მშენებარე ტაძარში კი, რომელიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ამ ეტაპზე მოჩუქურთმების სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძრის ეზოს კეთილმოწყობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 490 ათას ლარს გამოყოფს, ადგილობრივი ბიუჯეტი კი განსახორციელებელ სამუშაოებს 650 ათასი ლარით დააფინანსებს.