ახალი ამბები

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში – 9 წლის ბავშვის მკვლელობას შსს ამ მუხლით იძიებს

26 ოქტომბერი, 2018 • 2601
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში –  9 წლის ბავშვის მკვლელობას შსს ამ მუხლით იძიებს

გორში მოკლული 9 წლის ბავშვის საქმეს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს. ეს კი  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამის შესახებ ცნობას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს თავდაპირველ ცნობაში, რომელიც პოლიციამ გუშინ გაავრცელა,  მითითებული არ იყო, რა მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება.

სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული  ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

9 წლის ბავშვი  მოკლული გორში  25 ოქტომბერს, საღამოს იპოვეს. თვითმხილველების თქმით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, თავზე კი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული. გოგონას მშობლებმა მისი ძებნა გუშინ შუადღისას დაიწყეს და პოლიციას მიმართეს. სკოლიდან დაბრუნებული ბაშვი მუსიკის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა მუსიკალურ სკოლაში არ გამოჩენილა.

შსს-ს ცნობით, შეიქმნა საგამოძებო ჯგუფი, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს. გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი