ახალი ამბები

ომბუდსმენი: კოდუას ცემის ფაქტზე გამოძიება შესაძლოა არასათანადო მუხლითაა დაწყებული

5 მაისი, 2014 • • 1022
ომბუდსმენი: კოდუას ცემის ფაქტზე გამოძიება შესაძლოა არასათანადო მუხლითაა დაწყებული

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დავით კოდუაზე თავდახსმის ფაქტზე გამოძიება არასათნადო მუხლით დაიწყეს. ომბუდსმენი განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ცემად, თუკი მას არ მოჰყოლია ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მაშინ, როცა დავით კოდუა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

“სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირების მიერ თვითნებურად, შურისძიების მოტივით, ნებისმიერი პირის დასჯასა თუ დასჯის მცდელობას. მსგავსი შემთხვევების პრევენცია კი მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი”,- ამბობს სახახო დამცველი დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმას დავით კოდუას 3 მაისს, 15 საათზე თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, სამმა ნიღბიანმა მას სცემა მაშინ, როცა  4 წლის შვილი სიმალაზის სალონში ჰყავდა წაყვანილი. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კოდუა რეანიმაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის მუხლით აღძრა. შსს-ს ინფორმაციით, 3 მაისს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა ნოშრევან ნამორაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუას.

 

ნოშრევან ნამორაძის ცოლმა 3 მაისს განაცხადა, რომ მისი ქმარი შემთხვევით შეხვდა დავით კოდუას და ფიზიკურად გაუსწორდა, რადგან მისი თქმით, კოდუამ მას ბიზნესწილები წაართვა. ნამორაძე ამბობს, რომ თავდასხმისას იგი მარტო იყო და ნიღაბი არ ეკეთა. 

 

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გამოძიება მხოლოდ ნოშრევან ნამორაძის ჩვენებას არ უნდა დაეყრდნოს და საგამოძიებო ორგანოებმა მოიძიონ ინციდენტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და თვითმხილველთა ჩვენებები.

 

ომბუდსმენი განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად”

 

“გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებთა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატი

მასალების გადაბეჭდვის წესი