ახალი ამბები

ყვარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის თანამშრომელია დაკავებული — საგამოძიებო სამსახური

4 ოქტომბერი, 2023 • 1046
ყვარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის თანამშრომელია დაკავებული — საგამოძიებო სამსახური

ყვარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 4 ოქტომბერს გაავრცელა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მკვლელობა წუხელ მოხდა:

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 04 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო”, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი 48 საათში წარდგინება. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი