ახალი ამბები

ჩვენი მთავარი ამოცანაა მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა – UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში

25 ოქტომბერი, 2018 • 1167
ჩვენი მთავარი ამოცანაა მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა – UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეფასებით, მედიის მიერ არჩევნების გაშუქება წლიდან წლამდე უმჯობესდება, თუმცა რჩება პრობლემები სიძულვილის ენისა და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობის სახით.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები ევროკავშირმა და UNDP-მ დღეს, 25 ოქტომბერს, წარმოადგინეს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო მედიაგარემოზე, რომლის მონიტორინგსაც ეს ორგანიზაციები 2010 წლიდან ახორციელებენ.

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის როგორც თავისუფალი მედიის, ასევე, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა”, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელნძღვანელმა საქართველოში მუნხტუია ალთანგერელმა.

მისი თქმით, ყოველ არჩევნებთან ერთად, მედიის პროფესიონალიზმი საქართველოში იზრდება და არჩევნების გაშუქება ხდება უფრო პროფესიონალური და უფრო დაბალანსებული.

“თუმცა ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით ბეჭდურ და ონლაინ მედიაში რჩება, არის სიძულვილის ენის არსებობა. სატელევიზიო ახალი ამბების ხარისხი საკმაოდ გაზრდილია და პრეზიდენტობის კანდიდატები შუქდება დაბალანსებულად, მაგრამ მედიასაშუალებებში ვერ ვხდებით საარჩევნო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს”, – ამბობს UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში.

დადებითი ტენდენციაზე მიუთითებს ევროკავშირის ელჩიც საქართველოში. კარლ ჰარცელის თქმით, ზოგადად, ბალანსის დონე ქართულ მედიაში იწევს და ყოველ არჩევნებთან ერთად პროფესიონალიზმი იზრდება, თუმცა საჭიროა სიღრმისეული, საგამოძიებო ჟურნალისტიკის კიდევ უფრო განვითარება.

“ადრეც ვისაუბრე საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების საჭიროებაზე. სიღრმისეული და თანმიმდევრული გაშუქება მოვლენების არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებებს. საჭიროა ამ განცხადებების  ანალიზი, რომ დავრწმუნდეთ, ეს არ არის მხოლოდ წამოსროლილი სიტყვები. კარგი ამბავი ის არის, რომ მედიაგარემო ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება, ბალანსის დაცვა უმჯობესდება, ასევე, ნაკლებად ინტენსიურია სიძულვილის ენა, ვიდრე ადრე, თუმცა ამ მხრივ სხვადასხვა მედიასაშუალებებში განხვავებული ვითარებაა”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სატელევიზიო ახალ ამბებში კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად ზურაბიშვილი გაშუქდა – კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი