ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში არის კორუფცია

24 ოქტომბერი, 2018 • 2526
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში არის კორუფცია

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დებატებისას, დღეს, 24 ოქტომბერს, თქვა, რომ საქართველოში კორუფცია ახლაც არის.

კორუფციასთან დაკავშირებული კითხვა ოპონენტს პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დაუსვა დებატების მიმდინარეობისას, რომელიც “პირველი არხის” ეთერით გადაიცემა.

“მე მაინტერესებს, შედის თუ არა იმ საკითხებში, რის გამოც ხელისუფლებას დაუპირისპირდებით, მაგალითად, კორუფცია, რომელიც დღეს ღრღნის ქვეყანას და თქვენ არცერთი კომენტარი არ გაგიკეთებიათ ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც მთელი თვე გადიოდა ტელევიზიებით?” – ჰკითხა დავით ბაქრაძემ ზურაბიშვილს. მან ასევე იკითხა, სალომე ზურაბიშვილის აზრით, საქართველოში არის თუ არა კორუფცია.

სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტს ასე უპასუხა:

“არის კორუფცია და, სხვათა შორის, იყო კორუფცია, მაღალი დონის კორუფცია. მაშინაც ვუპირსპირდებოდი კორუფციას და, სხვათა შორის, ახლაც, ძალიან ახლო წარსულში, როცა პრობლემა შეექმნა ერთ-ერთ დიდ საწარმოს, კერძოდ, “ბადაგონს”. მე ამაზე ვისაუბრე პარლამენტში და თქვენგან არ მახსოვს ამაზე რეაქცია ამ თემაზე. სხვათა შორის, რუსეთიდან იყვნენ ჩამოსული პირები, რომლებიც ედავებოდნენ და იყო ამ საწარმოს სრულიად უსამართლოდ გაჩერება ისე, რომ სასამართლო არ იყო ჩართული და ახლა არის. პარლამენტში გამოსვლა და იმდროინდელ პრემიერთანაც მისვლა ამ საკითხზე, იყო ჩემი პირადი ინიციატივა. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქციაა, მისი კარი ღია იყოს  ბიზნესისთვის. და ის მოვა იმისთვის, რომ პრეზიდენტმა დაიცვას ბიზნესი, რათა ყველა ბიზნესი იყოს დაცული.


2018 წლის 7 თებერვალს კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყებამ გამოძიება “გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის” განცხადების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობდა. კომპანიის ყოფილი მფლობელი ახლანდელ მფლობელს წილების მითვისებას ედავებოდა.

2018 წლის მაისში “ბადაგონის” საქმეზე გამოძიება შეწყდა. პროკურატურის თქმით, ამის მიზეზი საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობა იყო. სანამ გამოძიება შეწყდებოდა, “ბადაგონში” შეჩერებული იყო საწარმოო პროცესიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ პერიოდში გიორგი კვირიკაშვილი იყო, მთავარი პროკურორი – ირაკლი შოთაძე, ფინანსთა მინისტრი კი – დიმიტრი ქუმსიშვილი.

პროკურატურა – ბადაგონის საქმეზე გამოძიება შეწყდა

მასალების გადაბეჭდვის წესი