სასამართლო განჩინების საფუძველზე, ღვინის მწარმოებელ კომპანია “ბადაგონში” საგამოძიებო სამსახური შევიდა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების უკან გავლენიანი პირები დგანან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბადაგონთან დაკავშირებით გამოძიება დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებას საფუძვლად დაედო “ბადაგონის” ყოფილი მეწილის, კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” წარმომადგენლის განცხადება.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ღვინის მწარმოებელი კომპანიის ოფისიდან იღებენ დოკუმენტებსა და ელექტრონულ ინფორმაციას. უწყებისვე განცხადებით, “ბადაგონის” საქმიანობას ამ საგამოძიებო მოქმედებებით ხელი არ შეეშლება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას კომპანიაში პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. როგორც “ნეტგაზეთს” “ბადაგონის” ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, გამოძიების უკან გავლენიანი პირები დგანან.
“ფინანსთა სამინსიტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პრობლემა არის კომპანიის წილებში. როდესაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პრობლემა არის წილთან დაკავშირებით, საქმეს განიხილავს სამოქალაქო სასამართლო. ის ფაქტი, რომ სავარაუდო სამოქალაქო დავაზე ფინანსური პოლიცია შემოიჭრა “ბადაგონში” და პირთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი კი არა, ყველანაირი ინფორმაცია წაიღო, რომელიც “ბადაგონთან” იყო დაკავშირებული, ეს უკვე იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს არის პოლიტიკური შემოჭრა. ამის უკან, სავარაუდოდ, დგანან გარკვეული გავლენიანი პირები, რომელთა მიზანი კომპანიის გაკოტრება და ხელში ჩაგდებაა. მოგეხსენებათ, “ბადაგონი” ყველაზე წარმატებულია თავის სფეროში ქართულ ბაზარზე. 2017 წელს 250 კომპანიიდან ყველაზე მეტი იმპორტი სწორედ მან განახორციელა” – უთხრა ზაზა ხატიაშვილმა “ნეტგაზეთს”.
ადვოკატმა ასევე უარყო საგამოძიებო სამსახურის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების გამო, კომპანიის საქმიანობა არ შეჩერებულა. მისი თქმით, “ბადაგონის” ქარხნები სათავო ოფისის მეშვეობით იმართება, კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლის შედეგად კი ორი ქარხნის მუშაობა შეფერხდა.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, “ბადაგონის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი სალაყაიამ ყოფილი მეპატრონისგან, ვლადიმერ ჯანჯღავასგან კომპანიის წილი 3 წლის წინ შეისყიდა, ხოლო ის ფაქტი, რომ გამოძიება ახლა დაიწყო, მისთვის კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს საქმის პოლიტიკური მოტივით წარმოების შესახებ.