ახალი ამბები

ბოკერია: მთავრობა ცდილობს ეძებოს და აღმოაჩინოს მტრები

1 მაისი, 2014 • • 1399
ბოკერია: მთავრობა ცდილობს ეძებოს და აღმოაჩინოს მტრები

“ყველაზე საგანგაშო არის ის, რაც მოვისმინეთ პრემიერ–მინისტრისგან. ის შეფასება ოპონენტების, თუ როგორ უყურებს პრემიერ–მინისტრი საკუთარ ოპონენტებს, რა ხედვა აქვს და რას სთავაზობს საზოგადოებას”– ეს კომენტარი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის გადაცემა “კურიერში” გააკეთა. 


“ჩვენ აქამდეც მოვისმინეთ ასეთი განცხადებები, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციას აწყობს, საბურავებს ყიდულობს. ჟურნალისტები, რომლებიც უხერხულ კითხვებს სვამენ, არიან აგენტები და ახლა უფლებადაცვითი ორგანიზაციები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. ჩვენი ნათელი წარსულიდან ტერმინი იხმარა პრემიერ–მინისტრმა. ამაშია პორბლემა. ეს არის ტიპური სურათი იმ ტიპის მთავრობების, რიმლებიც საკუთარ ქვეყანაში, ყველა იმ საქმეში, რისთვისაც ისინი აირჩიეს, არიან ჩავარდნილები. ჩვენს შემთხვევაში ეს ეხება უმუშევრობას, ეკონომიკას, კრიმინალის ზრდას” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.  


მისი თქმით, ხელისუფლება ამ პრობლემების გადაფარვას ცდილობს:


“ამის გადაფარვას ცდილობენ, ან საკუთარ გაღიზიანებას იკმაყოფილებენ, ან ორივეს ერთად, მტრების ძიებით ყველგან. ვინც გააკრიტიკებს, ვინც უხერხულობას შეუქმნის, იმას მონათლავენ მტრებად. ეს გავს ჩვენ ჩრდილომეზობელთან მყოფ ვითარებას, პუტინთან. მთავრობა, რომელიც ამ გზით მიდის და ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის საარჩევნო საკითხებში, არამედ იმ ჯგუფების დემონიზაციას აკეთებს, ვინც მას აწუხებს. ეს არის არადემოკრატიული ქვეყნების გზა, ეს არის ის გზა, რომელიც სახიფათოა. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თავისი დროის 90 პროცენტს ხარჯავს იმაზე, რომ ეძებოს და აღმოაჩინოს მტრები”– განაცხადა გიგა ბოკერიამ.


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

“მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კაპანია”, – ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” კამპანიას.


ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ კამპანიის წარმოება ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა:

 

“ორი თვის წინ ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარ კამპანიას, სახელწოდებით “ეს შენ გეხება”, და მე მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე არის საფრთხის შემცველი და რომ კატასტროფები ხდება თითოეული მოქალაქისთვის და იწყებენ დარწმუნებას მოქალაქეების, რომ დღეს ისევ გვისმენენ ყველა მოქალაქეს. მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება, გაძლიერება ხდება, ჩვენ ყოველმხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავევნ ათასობით, ასიათასობით ლარებს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი და ამას მე ვუწოდებ პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი საქმიანობა”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


მოგვიანებით, სახელმწიფოს კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე განმარტება გააკეთა, შემდეგ კი ამ თემას ვიცე–პრემეირი კახი კალაძე გამოეხმაურა:


“მინდა გამოვეხმაურო მოსმენების შესახებ ბატონ პრემიერის განცხადებას. იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი წლები ჩურჩულით ლაპარაკობდა, სადაც არათუ ისმინებოდა, არამედ ვიდეო და აუდიოჩანაწერები გროვდებოდა აბსოლუტურად ყველაზე და ამას არანორმალურად მასიური და მასშტაბური სახე ჰქონდა, უბრალოდ, უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით – ვითომ მოსმენები მასიურია და უკანონო. მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს – რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა „ეს შენ გეხება“, სად იყო ანალოგიური აქტივობა?! ჩვენი გუნდი – ჩემი მეგობრები, ქართული ოცნება, მუდამ გამოვდიოდით არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალური და ფსიქოლოგიური ძლადობის წინააღმდეგაც” – განაცხადა კალაძემ. 

 


 



მასალების გადაბეჭდვის წესი