ახალი ამბები

ალასანია: საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები

1 მაისი, 2014 • • 1234
ალასანია: საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები

“რუსეთი ყოველთვის ქმნის ახალ რეალობას ადგილზე, აირჩევს ახალ სამიზნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა -შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ თქვენ სერიოზულად უდგებით საკითხს”- განაცხადა ალასანიამ.  


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში “ერთიანი და თავისუფალი ევროპა”მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ალასანია საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთ პანელში “ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვის დაცვა” სიტყვით გამოვიდა. 


სიტყვის გამოსვლისას მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს კარგი უსაფრთხოების სტრატეგია სჭირდება:   


“სამ თუ ექვს თვეში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და რუსეთთან ურთიერთობაც განახლდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება. ეს არის ნატოს გაფართოება. მორიგი გაფართოება, რომელიც საქართველოსთან ერთად სხვა ასპირანტ ქვეყნებსაც შეეხება. ვისაუბრეთ შემაკავებელი ფაქტორის მნიშვნელობაზეც. ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება დამატებითი სამხედრო აქტივების განთავსება ნატოს წევრ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ პარტნიორებიც. ჩემი აზრით, კავკასიასა და საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების მიერ სწავლებები ხშირად უნდა ჩატარდეს. ბევრი ტრენინგი უნდა გაიმართოს რეგიონალურ კონტექსტშიც. ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი უსაფრთხოების სტრატეგია და გავაძლიეროთ თანამშრომლობა, თუ როგორ უნდა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა – ნავთობსადენები, გაზსადენები, რომლებიც საქართველოზე გადის. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირს ალტერნატიული ენერგორესურსები ჰქონდეს” – განაცხადა ალასანიამ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას თბილისში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადეგნელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა:


“ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე და დაპირდა საზოგადოებას, რომ ამ ინიციატივას მიაწვდის მოკავშირეებს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ნატოს საკუთარი თავდაცვითი სისტემა არ აქვს. მოკავშირეებს გააჩნიათ ეს სისტემები და ნატოს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებით მხარდაჭერა. როგორც თურქეთისთვის გავაკეთეთ სირიის კონფლიქტის დროს, პატრიოტის კომპლექსის გადასროლა მოვახდინეთ. მინისტრ ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მისი განხილვა მოხდება ნატოში.”

ჯეიმს აპატურაი, ირაკლი ალასანია
ჯეიმს აპატურაი, ირაკლი ალასანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცახდებას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა: 


“ეს არის აქტუალური. სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არის საინტერესო იდეა, რომელიც ჯერჯერობით არ არის განხილული და იმსახურებს აუცილბელ განხილვას. კონკრეტულად რა შედეგი მოჰყვება ამას, მომავალი გვიჩვენებს. ამ ეტაპისთვის ეს არის მხოლოდ ერთ–ერთი იდეა, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა პარტნიორებისათვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი