ახალი ამბები

“ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს 16 მაისამდე პირველი მოსმენით მაინც მივიღებთ”

1 მაისი, 2014 • • 1006
“ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს 16 მაისამდე პირველი მოსმენით მაინც მივიღებთ”

“ამ პროექტზე, კანონპროექტზე, მისი პარლამენტში შემოტანის შემდგომ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. გავაგზავნეთ ევროსაბჭოში ექსპერტიზაზე, მოვიწვიეთ ექსპერტები. მარტის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, განსაკუთრებით პროდუქტიული იყო აპრილის თვის განმავლობაში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებისა და პროკურატურის, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის აპარატის, უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრები. დღეისთვის უმრავლეს საკითხებში, 90-95% საკითხებში მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს საუბარიც კი იმის თაობაზე, რომ ვინმე ვინმეს უკანონოდ ხომ არ უსმენს. 

 

დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 15-16 მაისამდე, მანამ  პარლამენტი ერთთვიან შესვენებას გამოაცხადებს პლენარულ სხდომებზე არჩევნების გამო, ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით, პირველი მოსმენით მაინც მივიღებთ 6-7 კანონპროექტიდან უმრავლესობას. ერთი კონკრეტული საკითხი რჩება, რომელზეც ტექნოლოგიური პრობლემების გამო გვჭირდება დამატებითი ექსპერტიზა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, დანარჩენ სხვა საკითხებზე სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ისე, რომ იყოს დაცული გონივრული ბალანსი დამნაშავეობასთან, კრიმინალთან ბრძოლის ინტერესსა და ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას შორის, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. 

 

მინდა მადლობა გადავუხადო  პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს და მინდია ჯანელიძეს, რომელიც კონსულტაციას უწევდა მთავრობიდან, პროკურატურის, შსს-ს წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც იმ პროცესში იყვნენ ჩართული,”- განაცხადა უსუფაშვილმა. 


დღეს, 1 მაისს პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხზე პარლამენტს ახალ ცვლილებებს შესთავაზებს განსახილველად. ღარიბაშვილის თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მისმა თანაშეწმე მინდია ჯანელიძემ მოამზადა.


“ნეტგაზეთის” კითხვაზე, მიიჩნევს, თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე “ეს შენ გეხებას კამპანიას” ანტისახელმწიფოებრივად, როგორც ეს დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უსუფაშვილი პირდაპირ არ პასუხობს:


“ეს ყველაფერი ჩვენ გვეხება ყველას, იმიტომ, რომ ერთად ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. “

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი