ახალი ამბები

კახა კოჟორიძე: პრემიერის დღევანდელი განცხადება ცალსახად ანტისახელმწიფოებრივია

1 მაისი, 2014 • • 1496
კახა კოჟორიძე: პრემიერის დღევანდელი განცხადება ცალსახად ანტისახელმწიფოებრივია

კოჟორიძის თქმით, განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანების ქვეყნის ღალატში დადანაშაულება არ შეიძლება:

 

“პირველ რიგში, დავიწყოთ მთავარი და ძალიან სამწუხარო ბრალდებით, რაც ყველაზე თვალსაჩინოა პრემიერის განცხადებაში. ეს ჩემთვის მართლაც საკვირველი და საოცარი იყო. ორჯერ წავიკითხე ეს განცხადება, რათა დავრმწუნებულიყავი, რომ პრემიერ–მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების ამდენ წარმომადგენელს, ამდენ არასამთავრობო ორაგანიზაციას… ამასთანავე, როგორც იცით, მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები არ უჭერენ მხარს ამ საკანონმდებლო ცვლილებებს. იმ კანონპროექტის ავტორები, რომელთაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, არიან მოქმედი დეპუტატები უმრავლესობიდან [შალვა შავგულიძე]. ამ კანონპროექტისადმი მხარდაჭერა იუსტიციის მინისტრმაც გამოხატა. თურმე ამდენი ადამიანი ანტისახელმწიფოებრივ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, პრემიერის განცხადებით და შეფასებით.

 

ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი, არც ვიცი, რა დავარქვა, გამიჭირდება სახელის დარქმევა. მაგრამ რომ შევაბრუნოთ ეს სიტყვები, ალბათ, თავად პრემიერის შეფასება არის ცალსახად ანტისახელმწიფოებრივი, გამომდინარე იქიდან, რომ ამდენ ადამიანს, საკუთარ მოქალაქეებს, უმრავლესობის წევრებს, იუსტიციის მინისტრს, რომელმაც მხარდაჭერა გამოთქვა ამ კანონპროექტისადმი, დააბრალა ანტისახელმწიფობრივი მოქმედება. არ ვიცი, პრემიერმა როგორ შეიძლება ასეთი ტიპის განცხადება გააკეთოს. ფაქტობრივად ღალატში ადანაშაულებს ადამაინებს.

მე ვფიქრობ, რომ მისი ეს შეფასება არის ცალსახად არაკომპეტენტური, ანტისახელმწიფოებრივი და აბსოლუტურად არასწორი. პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს”, – აცხადებს კახა კოჟორიძე პრემიერის სიტყვების კომენტირებისას.


კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

 

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რის გამოც დღეს, 1 მაისს პრემიერმა “ეს შენ გეხებას’ კამპანიის მონაწილეები გააკრიტიკა, ფარული მოსმენების საკანონმდებლო ჩარჩოს დარეგულირებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტები თავდაპირველად ზვიად ქორიძემ, ლაშა ტუღუშმა, ლიკა საჯაიამ და დეპუტატმა შალვა შავგულიძემ მოამზადეს. მისი ინიცირება პარლამენტში იურიდიულმა კომიტეტმა განახორციელა. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში დაახლოებით ერთი წლის წინ შევიდა, თუმცა მისი განხილვა მხოლოდ ამა წლის აპრილში დაიწყო, თუმცა პროცესი ისევ შეჩერდა. კახა კოჟორიძის თქმით, ეს პროცსი რომ პარლამენტში თავის დროზე დაწყებულიყო, არასამთავრობოები “ეს შენ გეხებას” კამპანიას საერთოდ არ დაიწყებდნენ ფარული მოსმენების საკთხზე.

 

“უკვე ამდენი ხანია შესული კანონპროექტი და რომ არც შეეტანათ ეს წინადადებები კანონპროექტის ავტორებს, მე ვფიქრობ, საპარალამენტო არჩევნების შემედეგ აღმოჩენილი ათასობით უკანონო ჩანაწერი და არსებული მახინჯი სისტემა უნდა ყოფილიყო იმის წინაპირობა, რომ თავად ხელისუფლებას, ყოველგვარი გარე მოწოდებების, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის გარეშე გადაედგა ქმედითი ნაბიჯები ამ სისტემის შეცვლისათვის. მაგრამ ეს არ ხდებოდა და ამის შემდეგ გადაწყდა მხოლოდ და მხოლოდ ამ კამპანიის დაწყება, რომ როგორღაც დავხმარებოდით პროცესს. ეს კამპანია საერთოდ არ დაიწყებოდა, სათანადო განხილვები რომ მოჰყოლოდა  პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს”, – ამბობს საიას თავმჯდომარე.

 

დღეს, 1 მაისს პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხზე პარლამენტს ახალ ცვლილებებს შესთავაზებს განსახილველად. ღარიბაშვილის თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მისმა თანაშეწმე მინდია ჯანელიძემ მოამზადა. კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში რადიკალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ:

 

“ამას ამბობს პრემიერი, რომ ის კანონპროექტი ანტისახელმწიფოებრივია და  კატასტროფას თუ საშინელებას გამოიწვევსო, აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ იმას, რომ რადიკალურად შეცვლილი სურათი იქნება. თორემ რაღაც პატარა შენიშვნებზე რომ ყოფილიყო საუბარი, მაშინ შენიშვნების ფორმით იქნებოდა ჩამოყალიბებული. სამწუხარო არის ის, რომ ჩვენ წერილობით არ გვინახავს მთავარობის პოზიცია ამ საკითხზე, რომ, მაგალითად, ეს მუხლი არის მიზანშეუწონელი ამიტომ,  ეს გამოიწვევს ამას, ის გამოიწვევს იმას, აი, ასეთ კონკრეტულ განხილვას და მსჯელობას მოველოდით ჩვენ და არა დაბრალებას, რომ კატასტროფას, ანტისახელმწიფოებრივ და ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ვეწევით. რა ჰქვია ამ ყველაფერს, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, პრემიერის ეს განცხადება ძალიან მკაცრ შეფასებას დაიმსახურებს ყველა იმ პირის მხრიდან, ვინც ამ კამპანიაში არის ჩართული და ყველა იმ პირის მხრიდანაც, ვინც ამ პროცესს ჯანსაღად უყურებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი