ახალი ამბები

ქორიძე პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე: ცუდია, როცა 1937–იანი წლების რიტორიკა ცოცხლდება

1 მაისი, 2014 • • 1189
ქორიძე პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე: ცუდია, როცა 1937–იანი წლების რიტორიკა ცოცხლდება

როგორც ქორიძემ ნეტგაზეთს უთხრა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიერის დღევანდელი განცხადება შესაძლოა ძალიან სახიფათო ტენდენციის სათავედ იქცეს:

 

“მე არ მინდა მხოლოდ ისე შევხედოთ ამ საკითხს, რომ მარტო NGO–ების წინააღმდეგ არის მიმართული ეს განცხადება, თუმცა ასეთი რიტორიკა ამ თვალსარისით ძალიან სამწუხაროა. მთავრობის მეთაური საზოგადოებას არწმუნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაც თანხებს ხარჯავენ და რეკლამას დებენ იმაში, რომ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ. ეს ძალიან ცუდი მესიჯია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების უმრავლესობას გაუჩინოს არასწორი და ნიჰილისტური დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში საზოგადოებრივი პროცესების განვითარებაში. გარდა ამისა, გაცილებით სახიფათოა თავად ის ტერმინოლოგია, რომელსაც პრემიერ–მინისტრი იყენებს. ასეთი ტერმინები ყოველთვის იწვევს ტოტალიტარული მმართველობის ასოციაციას, როდესაც ადამიანები, რომლებიც გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იწყებენ აქტივობას და რაღაც კამპანიას, უნდა გამოცხადდნენ ქვეყნის ძირგამომთხრელ ელემენტებად და სახელმწიფოს მტრებად, იმიტომ, რომ მათი ხედვა არ ემთხვევა მთავრობის შეხედულებებს. ამის გამო არ შეიძლება, რომ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს. მესმის, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს – საბჭოთა კავშირი, მაგრამ ის კანონმდბელობა, რომელსაც ჩვენ პარლამენტს და საზოგადოებას ვთავაზობთ, სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავამარცხოთ [უკანონო] ფარული მოსმენის და თვალთვალის სისტემა ან ნებისმიერი სხვა სისტემა, რომელიც ჩვენში ჯერ კიდევ აცოცხლებს ტოტალიტარულ აზროვნებას… დავამარცხოთ, დავამთავროთ და ვთქვათ, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირი დავძლიეთ. მაგრამ ამ დროს, როდესაც ისევ საბჭოთა კავშირის ასოციაციებს აღვიძებს მთავrობის მეთაურის მსგავსი შეხედულებები, მე ეს ძალიან სახიფათო ტენდენციად მეჩვენება. მე მაინც მგონია, რომ პრემიერ–მინისტრი დროულად განმარტავს ამას და დროულად იტყვის თავის ამ შეფასებაზე უარს, რადგან ეს ძალიან სახიფათო შეფასებაა ზოგადად დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის”, – ამბობს ზვიად ქორიძე და დასძენს: “გაზვიადება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ასეთი ტერმინოლოგიით ჩვენ შეიძლება საბჭოთა აზროვნებისა და საბჭოთა ცხოვრების წესის რეანიმაცია მოვახდინოთ საქართველოში”.


ზვიად ქორიძე/ფოტო: ონიკ კრიკორიანი
ზვიად ქორიძე/ფოტო: ონიკ კრიკორიანი

 

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რის გამოც დღეს, 1 მაისს პრემიერმა “ეს შენ გეხებას’ კამპანიის მონაწილეები გააკრიტიკა, ფარული მოსმენების საკანონმდებლო ჩარჩოს დარეგულირებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტები თავდაპირველად ზვიად ქორიძემ, ლაშა ტუღუშმა, ლიკა საჯაიამ და დეპუტატმა შალვა შავგულიძემ მოამზადეს. მისი ინიცირება პარლამენტში იურიდიულმა კომიტეტმა განახორციელა. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში დაახლოებით ერთი წლის წინ შევიდა, თუმცა მისი განხილვა მხოლოდ ამა წლის აპრილში დაიწყო. კანონპროექტები პირველი მოსმენით სამმა კომიტეტმა მოიწონა, თუმცა ეს პროცესი გაჩერდა. დღეს კი პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხზე პარლამენტს ახალ ცვლილებებს შესთავაზებს განსახილველად. ღარიბაშვილის თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მისმა თანაშეწმე მინდია ჯანელიძემ მოამზადა:

 

“მოდით, ასე შევხედოთ. ჩვენს კანონპროექტზე მუშაობდა ადამიანთა ჯგუფი, შემდეგ ადამიანების უფრო ფართო სპექტრმა, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულები, განიხილა ის. შემდეგ იყო საერთაშორისო ექსპერტიზა, ევროსაბჭოს ექსპერტი იყო ამ საქმეში ჩართული, გერმანიის თანამშრომლობის ინსტიტუმა ჩართო თავისი ექსპერტი. ამის შემდეგ, თუ ეს კანონოპროექტი უნდა გადაწონოს, ერთი მრჩევლის მიერ მომზადებულმა (რაც არ უნდა მაღალი ხარისხის კვალიფიკაცია ჰქონდეს მრჩეველს) კანონპროექტმა, ცოტა არაადეკვატურია. იმ მრჩეველს, ისევე როგორც მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, არავინ უშლიდა ხელს, რომ ამ პროცესში ჩართულები ყოფილიყვნენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროცესში სხვადასხვა დროს მთავრობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო ჩართული: შსს, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, თითქმის ყველა შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას. მთავრობის საპარლამენტო მდივანი მონაწილეობდა ყველა ამ საჯარო შეხვედრაში და გამოთქვამდა მოსაზრებებს. ანუ მთავრობა ამ პროცესიდან იზოლირებული არ ყოფილა.

 

ამ კანონპროექტის განხილვა უკვე სამ კომიტეტში მოხდა პირველი მოსმენით. პარლამენტის სამმა კომიტეტმა ეს კანონპროექტები მოიწონა. ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თურმე ეს ძირგამომთხრელი საქმიანობა ყოფილა. ძალიან მაინტერესებს ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს ასეთი მიდგომა ჰქონდათ, როცა ისინი ჩვენ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარს უჭერდნენ?! პირველი მოსმენით მხარდაჭერა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ პრინციპებს უჭერ მხარს. ეს არ არის ძირგამომთხრელი საქმიანობა და ძალიან კარგად იცის ამის შესახებ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის დასჭირდა მას დღეს ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენება და რას ემსახურება ასეთი მიდგომები. მან უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. გამოდის, რომ ადმიანები, რომლებიც დემოკრატიაზე საუბრობენ, ყველანი სახელმწიფოს მტრები ვყოფილვართ. ძალიან ცუდია, როდესაც 1937–იანი წლების რიტორიკა 2014 წელს ცოცხლდება. მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვთხოვ პრემიერ–მინისტრს, რომ თავის განცხადებაზე განამრტება გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება ძალიან სახიფათო ტენდენციის სათავედ იქცეს”, – აღნიშნავს ქორიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი