ახალი ამბებისაზოგადოება

რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისა და სხვა კანდიდატებისთვის

23 ოქტომბერი, 2018 •
რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისა და სხვა კანდიდატებისთვის

„კოორდინატორი არ გვყავს,“ – ეს პასუხი რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბიდან მივიღეთ. შტაბებში ამბობენ, რომ მცირე ფინანსური რესურსის პირობებში არ ჰყავთ კოორდინატორები, რომლებიც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით ამომრჩეველთან კარდაკარ იმუშავებენ და ამაში ხელფასს მიიღებენ.

ბოლო წლებში პოლიტიკურ ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ კოორდინატორების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. იყო შეფასებებიც, რომ არჩევნები კოორდინატორებმა და მათმა აქტიურობამ მოიგო. გვინახავს ფოტო და ვიდეომასალაც წინა არჩევნებზე, მაგალითად, როგორ აკონტროლებდნენ კოორდინატორები ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლას სპეციალური სიების მიხედვით. კენჭისყრის დღეს კოორდინატორები ხშირად აკითხავდნენ სახლში ამომრჩეველს, ვისაც წინასწარ ესაუბრნენ, და უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ საარჩევნო უბნამდე და უკან.

წელს არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას კოორდინატორების მსგავსი აქტიურობა არ დაუფიქსირებია. „ბათუმელებმა“ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბში იკითხა, რამდენი კოორდინატორი ჰყავთ და რა ფინანსური რესურსი იხარჯება ამ მომსახურებისთვის.

გრიგოლ ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის და დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბში გვითხრეს, რომ ფასიანი კოორდინატორი არ ჰყავთ და არჩევნების მოსაგებად მათ პარტიული ორგანიზაციის წევრები ეხმარებიან.

„კოორდინატორი გვყავს, მაგრამ ხელფასს არ ვუხდით,“ – გვითხრა შალვა ნათელაშვილის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ზურაბ ლომიამ. მისი განმარტებით,  წინასაარჩევნო პერიოდში კოორდინატორებად პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები მუშაობენ და ასეთია ქვეყნის მასშტაბით სულ 72.

„კოორდინატორები არიან ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც ადგილზე საკრებულოს წევრებიც არიან,“ – გვითხრა დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკნაველიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატს თითოეულ საარჩევნო უბანზე თითო მოხალისე ჰყავს, რომელსაც პარტია წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალით და საწვავით ამარაგებს.

რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისთვის? – ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შტაბი არ ამხელს. „მიმდინარეობს რეგისტრაცია და ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით,“ – მოგვწერეს სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შტაბის პრესცენტრიდან.

სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“, თუმცა პარტიის პრესცენტრში ჩვენი მიმართვიდან მეორე დღეს გვიპასუხეს, რომ პარტიას კოორდინატორები არ დაუქირავებია სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად. „ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა. დანარჩენი რა იხარჯება და როგორ, გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი აუდიტის ანგარიშებში,“ – გვითხრეს „ქართულ ოცნებაში“.

აუდიტის სამსახურს სალომე ზურაბიშვილმა ბოლო ანგარიში 19 ოქტომბერს ჩააბარა. ანგარიშში აღწერილია 3-დან 16 ოქტომბრამდე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფონდის მიერ გაწეული ხარჯები. ამ დოკუმენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კოორდინატორების შრომის ანაზღაურების ხარჯი არ ჩანს.

კოორდინატორების შესახებ ინფორმაციის მოწოდება პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შტაბს ვთხოვეთ. აქ ინფორმაციის მოწოდებას გუშინ დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე შტაბს არ მოუწოდებია მონაცემი კოორდინატორების რაოდენობის, ასევე მათი შრომის ანაზღაურების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი