ახალი ამბები

დუმბაძე: ვაშაძემ სახარება მომიტანა და აღთქმის დადება მთხოვა, რომ არ წავალ ოპოზიციაში

21 ოქტომბერი, 2018 • 5523
დუმბაძე: ვაშაძემ სახარება მომიტანა და აღთქმის დადება მთხოვა, რომ არ წავალ ოპოზიციაში

მოძრაობა “ძალა ერთობაშია” საკუთარ ამომრჩეველს, ამჯერად, ბათუმში შეხვდა. მოძრაობაში შემავალი პარტიების ლიდერებმა აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და ოპოზიციური ალიანსის ხედვებზე ისაუბრეს.

გამომსვლელთა შორის იყო “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ამჟამად ოპოზიციური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი მურმან დუმბაძე. მან აუდიტორიის წინაშე გაიხსენა, როგორც მიუტანა ვაშაძემ სახარება და სთხოვა, დაეფიცებინა, რომ ოპოზიციაში აღარ წავიდოდა.

“40 000 კილომეტრი გავიარეთ, მთელი საქართველო – შავი მთიდან დაწყებული, შავი ზღვით დასრულებული. მოვიარეთ სოფელი, ხეობა, დაბა, ქალაქი, ორღობეები…  და გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ვიგებთ ამ არჩევნებს. ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი… მეუბნება – ბატონო მურმან, მომეცი აღთქმა, რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ.

სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, მაგრამ ვუთხარი – მე არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის ერთ პირობას შეასრულებს: 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის რეზიდენციაშ. თავის თანაშემწეს დაუძახებს, გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, საკუთარი პერანგიდან ამოიღებს საკუთარ ავტოკალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე მარჯვენა ხელით დაწერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე, ვბრძანებ და ორი წერტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა”, – აღნიშნა მან.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი