ახალი ამბები

დათა ახალაიას ადვოკატი საბერძნეთში გაემგზავრა

29 აპრილი, 2014 •
დათა ახალაიას ადვოკატი საბერძნეთში გაემგზავრა

“საქართველოში ხორციელდება მისი პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური დევნა ხორციელდება მისი ოჯახის წევრების. ჩვენ გაგვაჩნია ყველა არგუმენტაცია და მტკიცებულება საიმისოდ, რათა საბერძნეთის ხელისუფლებას სასამართლოს სახით დავუმტკიცოთ და წარმოვაჩინოთ, თუ რატომ არის დაუშვებელი დავით ახალაიას ექსტრადირება საქართველოში. შევეცდებით პროკურატურას იქ გავაგებინოთ ის, რასაც აქ ვერ იგებენ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა გამგზავრებამდე.

 

საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლის ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ამ დროისთვის პატრას ციხეში წინასწარ პატიმრობაშია.

 

ბერძნული მედიაგამოცემის, patrastimes.gr-ის ინფორმაციით, საბერძნეთში დათა ახალაია დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს.

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

 

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

 

ირაკლი ზაქარეიშვილი და დათა ახალაია
ირაკლი ზაქარეიშვილი და დათა ახალაია

მასალების გადაბეჭდვის წესი