ახალი ამბები

საია ადმინისტრაციული კოდექსის 8 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

17 ოქტომბერი, 2018 • 2184
საია ადმინისტრაციული კოდექსის 8 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

როგორც ნეტგაზეთს საია-ს იურისტმა, ეკა მამრიკიშვილმა განუმარტა, სარჩელის ძირითადი არსი ეფუძნება ადამიანის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ისეთი მუხლები, რომლებიც პატიმრობას ან/და მაღალი ოდენობის ჯარიმებს ითვალისწინებს, სისხლისამართლებრივი ბუნების ნორმად ითვლება.

“ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში საქართველოს მიმართ მსგავსი სტანდარტი არ დადგენილა, მაგრამ სხვა ქვეყნების მიმართ დადგენილი სტანდარტებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული რიგი მუხლები, თუნდაც წვრილმანი ხულიგნობა ან პოლიციის ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობა (რაც ყველაზე ხშირად გამოყენებადი მუხლებია) – არის სისხლისამართლებრივი ბუნების”, – განმარტავს ეკა მამრიკიშვილი.

მისივე თქმით, რადგანაც მსგავსი მუხლები სისხლისამართლებრივი ბუნების არის, მათ შესაბამისი საპროცესო გარანტიები სჭირდება. ეს უკანასკნელი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული არ არის. ამგვარ საპროცესო გარანტიებში იგულისხმება მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება, უტყუარი მტკიცებულებები, უდანაშაულობის პრეზუმფცია, მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობის პრინციპი.

“რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაწერილი ნორმები არ მოიცავს პროცესუალურ გარანტიებს, საქმეების განხილვა სასამართლოში ძალიან ფორმალურ, შაბლონურ და არასანდო ფორმას იღებს. ამასთანავე, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ითვალისწინებენ პირის პოზიციას. ის ყოველთვის არის სამართალდამრღვევად ცნობილი, ფაქტობრივად, არაფრის საფუძველზე. პოლიციას პროცესზე მოაქვს მხოლოდ ოქმი”, – დასძენს იურისტი.

როგორც ეკა მამრიკიშვილი გვიყვება, პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც პოლიციამ წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობაზე ოქმი მტკიცებულების გარეშე დაწერა. მისივე სიტყვებით, თუ ამ ნორმებს არაკონსტიტუციურად ცნობენ, მაშინ ხელისუფლება ვალდებული გახდება ისეთი ცვლილებები გაატაროს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში საპროცესო გარანტიების არსებობას გაითვალისწინებს.

დღესდღეობით, განმარტავს იურისტი, პოლიციისთვის მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, რა შემთხვევაში შეუძლია მას ესა თუ ის პირი დააკავოს, შესაბამისად, ხშირად ადამიანის უფლებები უსაფუძვლოდ იზღუდება.

“მაგალითად რომ ავიღოთ აქციები, ხშირად პირს აკავებენ იმის გამო, თუ ის მინიმალურ წინააღმდეგობას გაუწევს პოლიციას ან უბრალოდ ჰკითხავს, სხვა პირს ასე რატომ ექცევა. პროცესზე პირი ითვლება სამართალდამრღვევად და მანვე უნდა წარადგინოს ვალიდური მტკიცებულება. ეს უკანაკსნელი სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება”,- ამბობს ეკა მამრიკიშვილი.

მისივე თქმით ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის დღევანდელი სახე ეწინააღმდება კონსტიტუციის მიერ მინიჭებულ უფლებებს. მათ შორის, იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება.

საია საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ მუხლებზე მიმართავს:

  • 32-ე – ადმინისტრაციული პატიმრობა;
  • 33-ე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესი;
  • 233-ე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე;
  • 236-ე – მტკიცებულებანი;
  • 237-ე – მტკიცებულებათა შეფასება;
  • 240-ე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი;
  • 264-ე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებანი;
  • 266-ე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება;

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს. მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა ხდება.

საია წლების განმავლობაში აყენებს კოდექსის შეცვლის საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება დაასრულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციურ გამოყენებას და გამოიწვევს კანონმდებლობის სრულ რეფორმას”, – წერია საია-ს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი