დავით ხალვაშმა 2004 წლის შემდეგ საქართველში დაბრუნება პირველად 2014 წლის 6 მარტს სცადა, როდესაც ის სარფში ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ჟურნალისტებსაც, რომლებიც სარფში სამართალდამცავებთან ერთად ელოდნენ დავით ხალვაშს. უცნობია, რამდენად იქონია გავლენა ამ ფაქტმა დავით ხალვაშის გადაწყვეტილებაზე, იმ დღეს აღარ შემოსულიყო საქართველოში.
დავით ხალვაშის მიმართ 2004 წელს სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით აღიძრა საქმე.
საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშს ბრალად ედება 2004 წელს აქციების დარბევის ორგანიზება-მონაწილეობა (მათ შორის იმ აქციის დარბევა, რასაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის – ვალტერ შვიმერის ბათუმში ვიზიტი დაემთხვა).
დავით ხალვაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან ერთად ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ფულის გამოძალვაში. მას სახელმწიფო ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასაც. დავით ხალვაში ფიგურირებს იმ სისხლის სამართლის საქმეშიც, რომელიც ასლან აბაშიძის წინააღმდეგ არის აღძრული.
დავით ხალვაში 2004 წელს, „აჭარის ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ასლან აბაშიძესთან ერთად წავიდა მოსკოვში.









