ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ხაჩიძის დადგმულ სპექტაკლებს დიდი ყურადღება ეთმობა

24 აპრილი, 2014 • • 1121
ღარიბაშვილი: ხაჩიძის დადგმულ სპექტაკლებს დიდი ყურადღება ეთმობა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ლიდერ ცემენტის” პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალიტებთან კომენტარი გააკეთა და მათ შეკითხვებს უპასუხა. 

მისი თქმით, გოგა ხაჩიძის მიერ დადგმულ სპექტაკლებს მეტისმეტად დიდი ყურადღება ეთმობა. “ეს არასერიოზულია, ეს ძალიან ცუდია უპირველეს ყოვლისა მედიისთვის,”- აღნიშნა პრემიერმა. 


მთავრობის მეთაურს კითხვა დათა ახალაიას შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. მან მედიის წარმომადგენლებს ურჩია, პროკურატურის განმარტებებს დაელოდონ.

 
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა “პანორამა თბილისის” განხორციელებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის უარზე. 
“დაველოდოთ ორი თვეც და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც უკეთესია ქვეყნისთვის. წლევანდელი წელი წარმოების წლად გამოვაცხადეთ და ჩემი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყო ბიზნესს. თქვენ იფიქრეთ გოგა ხაჩიძეზე, მე ვიფიქრებ წარმოებასა და ბიზნესზე”, – განაცხადა პრემიერმა.

გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ფარულ სატელეფონო მოსმენებში ამხილა და ამის საილუსტრაციოდ ვიდეო–ექსპერიმენტი ჩაატარა მისსავე თანაპარტიელ, პარლამენტარ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად.

 

გოგა ხაჩიძის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც 22 აპრილითაა დათარიღებული, იგი ტელეფონით უკავშირდება ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც იმავე ოთახში, მის გვერდით ზის და ატყობინებს, რომ 23 აპრილს, 15:00 საათზე მოსაშვილის ქუჩაზე (10 ნომერში), სადაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბინა მდებარეობს, საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება 10 აქტივისტთან ერთად. ხაჩიძის თქმით, ამ წინასწარ დადგმული სატელეფონო საუბრის შესახებ მხოლოდ მან, ზურაბ ჯაფარიძემ და იმ ოპერატორმა იცოდნენ, ვინც ეს საუბარი უწყვეტი კადრის რეჟიმში გადაიღო.


დეპუტატი მეორე დღეს გადაღებულ ფოტომასალასაც აქვეყნებს და აცხადებს, რომ 23 აპრილს, “დათქმულ დროს” ღარიბაშვილის სახლთან  სამართალდამცველები მივიდნენ.


“კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდნენ ზუსტად 15:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! რატომ მივიდა იმავე ადგილზე, იგივე დროს, რამდენიმე საპატრულო ეკიპჟი?! რას ელოდნენ და რისთვის ემზადებოდნენ?! არა მგონია, ყოველდღიურად პრემიერ-მინისტრის კორპუსთან, დღის 3 საათზე, ამდენი ძალოვანი “აბირჟავებდეს”. “ამასობაში” – როგორც დავით უსუფაშვილი იტყოდა: ვიღაცები დავადგინე: თეთრ პერანგში და ნაცრისფერ პიჯაკში – ჯღარკავა, ქალაქის სამმმართველოში საუბნო სამმართველოს უფროსი, ჯღარკავას უკან, ლევან ტოგონიძე, ვაკე–საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი. მარჯვნივ ბოლოში, ვიქტორ რაზმაძე ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსი, ერთ–ერთი ზურგით დგას(თავზე იცნეს ) ნიკა სალამიძე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე. თუ რამე უზუსტობა გამეპარა, ან სხვა მოხვდა შემთხვევით კადრში წინასწარ ბოდიშს ვიხდი”, – დაწერა ხაჩიძემ ფეისბუკზე. მისი თქმით, თუ უკანონოდ მოსმენის პრაქტიკას შეწყვეტენ, შსს–ში მომავალში ასე აღარ გაბითურდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არასერიოზული უწოდეს “ხაჩიძის ექპერიმენტს” და ეს ფაქტი ასე ახსნეს:

 

“პრემიერ–მინისტრის სახლთან ყოველთვის არიან მობილიზებული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები უსაფრთხოების ზომების დაცვიდან გამომდინარე და ყოველთვის ხორციელდება პერიმეტრის დაცვა”, – განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.


მასალების გადაბეჭდვის წესი