ახალი ამბები

“ყველას გვისმენენ” – რას ამტკიცებს დეპუტატის ექსპერიმენტი

24 აპრილი, 2014 • • 3231
“ყველას გვისმენენ” – რას ამტკიცებს დეპუტატის ექსპერიმენტი

გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ფარულ სატელეფონო მოსმენებში ამხილა და ამის საილუსტრაციოდ ვიდეო–ექსპერიმენტი ჩაატარა მისსავე თანაპარტიელ, პარლამენტარ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად.

 

გოგა ხაჩიძის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც 22 აპრილითაა დათარიღებული, იგი ტელეფონით უკავშირდება ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც იმავე ოთახში, მის გვერდით ზის და ატყობინებს, რომ 23 აპრილს, 15:00 საათზე მოსაშვილის ქუჩაზე (10 ნომერში), სადაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბინა მდებარეობს, საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება 10 აქტივისტთან ერთად. ხაჩიძის თქმით, ამ წინასწარ დადგმული სატელეფონო საუბრის შესახებ მხოლოდ მან, ზურაბ ჯაფარიძემ და იმ ოპერატორმა იცოდნენ, ვინც ეს საუბარი უწყვეტი კადრის რეჟიმში გადაიღო:

 



 

 

დეპუტატი მეორე დღეს გადაღებულ ფოტომასალასაც აქვეყნებს და აცხადებს, რომ 23 აპრილს, “დათქმულ დროს” ღარიბაშვილის სახლთან  სამართალდამცველები მივიდნენ:

 

 

“კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდნენ ზუსტად 15:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! რატომ მივიდა იმავე ადგილზე, იგივე დროს, რამდენიმე საპატრულო ეკიპჟი?! რას ელოდნენ და რისთვის ემზადებოდნენ?! არა მგონია, ყოველდღიურად პრემიერ-მინისტრის კორპუსთან, დღის 3 საათზე, ამდენი ძალოვანი “აბირჟავებდეს”. “ამასობაში” – როგორც დავით უსუფაშვილი იტყოდა: ვიღაცები დავადგინე: თეთრ პერანგში და ნაცრისფერ პიჯაკში – ჯღარკავა, ქალაქის სამმმართველოში საუბნო სამმართველოს უფროსი, ჯღარკავას უკან, ლევან ტოგონიძე, ვაკე–საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი. მარჯვნივ ბოლოში, ვიქტორ რაზმაძე ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსი, ერთ–ერთი ზურგით დგას(თავზე იცნეს ) ნიკა სალამიძე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე. თუ რამე უზუსტობა გამეპარა, ან სხვა მოხვდა შემთხვევით კადრში წინასწარ ბოდიშს ვიხდი”, – დაწერა ხაჩიძემ ფეისბუკზე. მისი თქმით, თუ უკანონოდ მოსმენის პრაქტიკას შეწყვეტენ, შსს–ში მომავალში ასე აღარ გაბითურდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არასერიოზული უწოდეს “ხაჩიძის ექპერიმენტს” და ეს ფაქტი ასე ახსნეს:

 

“პრემიერ–მინისტრის სახლთან ყოველთვის არიან მობილიზებული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები უსაფრთხოების ზომების დაცვიდან გამომდინარე და ყოველთვის ხორციელდება პერიმეტრის დაცვა”, – განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

 

კანონის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია. ნეტგაზეთის კითხვას, სხვა ვინ იგულისხმება შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებში, შსს–ში არ უპასუხეს. ასევე არ უპასუხეს შეკითხვას, 23 აპრილის მსგავსად, ყოველდღიურად არიან თუ არა მობილიზებული პრემიერის სახლთან შსს–ს მაღალჩინოსნები. უწყებაში არც იმაზე საუბრობენ, ყოველდღიურად რამდენი ადამიანი იცავს ღარიბაშვილის სახლის პერიმეტრს.

 

“ჩვენი კომენტარი უკვე გითხარით, დამატებით ვერაფერს გეტყვით”, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში და დასძენენ, რომ პრემიერის სახლს ყოველთვის  იცავენ “უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე”.

 

ნეტგაზეთმა ირაკლი ღარიბაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია დღეს, 24 აპრილს, 14:30-დან 15:00 საათამდე პერიოდში გადაიღო, თუმცა იქ არც ერთი სამართალდამცველი არ იმყოფებოდა:

 

 

რა პრინციპით განისაზღვრება მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის დაცვის ღონისძიებები – ამ საკითხზე ნეტგაზეთი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირის სახლის დაცვა მუდმივმოქმედი გეგმით ხდება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დგება. მისი თქმით, ამა თუ იმ ობიექტზე დაცვის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რა სახის საფრთხეები არსებობს:

“2008 წლის ომის დროს სხვა ზომები იყო მიღებული… ომის დროს გაიზარდა ძალების რაოდენობის მობილიზაცია. შეიძლება რაღაც ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდეთ და იმის მიხედვით გააძლიერონ”.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი უნდა იცავდეს ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის პირის ოჯახს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რეჟიმში, ჯანაშია აცხადებს, რომ ამას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ინდივიდუალურად წყვეტს, რადგან გარკვეული ტიპის მზა რეცეპტი არ არსებობს. მისივე თქმით, როდესაც საქმე უმაღლესი თანამდებობის პირის დაცვას ეხება, ამ პროცესში საპოლიციო ძალებიც არიან ჩართული, მეტიც – შესაძლებელია სამხედრო მოსამსახურეების მოწვევაც, თუ დაცვის სამსახურს საკუთარი ძალები არ ჰყოფნის.

 

შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენების საკანონმდებლო ჩარჩოს დარეგულირებას არასამთავრობო სექტორი ითხოვს კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში. ამ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, ორგანიზაციის – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ გოგა ხაჩიძის ვიდეოექსპერიმენტი არის “ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ისევ გვისმენენ”:

 

“არასამთავრობო როგანიზაციებმა რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ კამპანია “ეს შენ გეხება- ისევ გვსიმენენ.” მაშინ მთავრობის წარმომადგენლებისგან ჩვენ გვესმოდა განცხადებები, რომ დღეს ეს აღარ ხდება და მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა ასეთი ტიპის მოსმენები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ვენდოთ პიროვნებებს და არ ვენდობით პიროვნებებს, არამედ გვინდა, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დანაშაულის გამოძიებას, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი პირადი ინფორმაციის და პირადი საუბრების ხელშეუხებლობას. ზუსტად ამას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს პარლამენტში.”

 

მისივე თქმით, ხელისუფლება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიღების შეფერხებას ცდილობს:

 

“რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნა კონკრეტული კომისია, რომელიც ისევ ცდილობს, რომ გადახედოს ამ კანონს და, ფაქტობრივად, შეაფერხოს ის პროცესი, რომელიც მიმდინარეოს პარლამენტში. მათ ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ კონკრეტული ცვლილებები შემოეთავაზებინათ, მათ ეს არ გააკეთეს, და ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ, მიმართული არის ამ პროცესის გაჭიანურებისკენ.”

 

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს შსს-ს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამტკიცებს, რომ დღეს უკანონოდ არავის უსმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი