CNN ორ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება: საუდის არაბეთი ემზადება, განაცხადოს, რომ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის სიკვდილი არასანქცირებული ოპერაციის ფარგლებში “არასწორად განვითარებული დაკითხვის” შედეგი იყო.
ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ახლა საუდის არაბეთი ამზადებს განცხადებას, რომლის შინაარსიც, შესაძლოა, შეიცვალოს.
მეორე წყაროს თანახმად, განცხადებაში, რომელსაც ახლა ამზადებენ, წერია, რომ ოპერაცია, რომლის მიზანიც ხაშოგის სტამბოლიდან გატაცება იყო, საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან ნებართვის გარეშე და “გაუმჭვირვალედ” ჩატარდა, ხოლო ვინც მასში მიიღო მონაწილეობა, დაისჯებიან.
იმავე ინფორმაციას ავრცელებს Wall Street Journal-იც.
15 ოქტომბერს, საუდელ მეფე სალმანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეფე უარყოფს რაიმენაირ კავშირს ჟურნალისტის გაუჩინარების საქმესთან.
“არ მინდა, მის [სალმანის] ნაცვლად ვთქვა რამე, მაგრამ ისე მომესმა, რომ შესაძლოა, პასუხისმგებელნი არიან თვითნებურად მოქმედი მკვლელები”, — თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ბოლოს სტაბმოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს; იგი Washington Post-ის მესვეტეა და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებელი პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდელ პრინც მუჰამედ ბინ სალმანს აკრიტიკებდა.
თურქეთი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა იგი საკონსულოში მოკლეს.
საუდის არაბეთი ამ ვერსიას უარყოფს.
მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა თურქეთში გამომძიებლებს ნება მისცა, საკონსულოში შესულიყვნენ, თურქეთმა განაცხადა, რომ იპოვეს “მკლელობის მტკიცებულებები”.
თურქეთის თანახმად, ხაშოგის “გაუჩინარებაში” გარეულია 15 ადამიანი საუდის არაბეთიდან, რომლებიც 2 ოქტომბერს ჩაფრინდნენ თურქეთში და მალევე უკან დაბრუნდნენ.
საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ხაშოგიმ საკონსულოს შენობა დატოვა, თუმცა ამ ვერსიის დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენიათ.
რამდენიმე დღის წინ ხაშოგის შესაძლო მკვლელობაზე საუდის არაბეთისგან დაუყოვნებლივი პასუხები მოითხოვა დიდმა ბრიტანეთმა.
საქმე “პირად კონტროლზე” აიყვანა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ზეწოლა იზრდება. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია “სანდო გამოძიებას” ითხოვენ, ტრამპი კი სერიოზული რეაგირებით ემუქრება საუდის არაბეთს, თუკი დადგინდება, რომ ჟურნალისტის შესაძლო მკლელობის უკან ისინი დგანან.
[შენიშვნა: სტატიის სათაური შეცვლილია დაზუსტების მიზნით]