ახალი ამბები

არჩილ ჭყოიძე: უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი – რუსეთი ურჩევნია ხალხს თუ ევროპა

23 აპრილი, 2014 • • 2078
არჩილ ჭყოიძე: უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი – რუსეთი ურჩევნია ხალხს თუ ევროპა

როგორც არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რუსეთის დუმის მიწვევით პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. ჭყოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ეკონომიკური აღმავლობა მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობის განახლების გზითაა შესაძლებელი.

“მე მქონდა შეხვედრები МГУ–ში ისეთ პოლიტოლოგებთან, რომლებიც ძალიან დაახლოებული არიან კრემლთან, ერთ–ერთი ასეთი არის ალექსანდრე დუგინი. მათი პოზიციებიც აბსოლუტურად შეცვლილია საქართველოსთან მიმართებაში. თუ 3–4 წლის წინ ისინი აბსოლუტურად არ განიხილავდნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარების უკან გაწვევას, დღეს ისინი უკვე კულუარულ საუბრებში ამბობენ, რომ საქართველო თუ შეცვლის თავის გეზს და რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას განაახლებს, აუცილებლად მხარს დაუჭერს რუსეთი საქართველოს ამ კონფლიქტების მოგვარებაში”, – განაცხადა ჭყოიძემ.

მისივე თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ქართული დიასპორის ის წევრები, ვინც კრემლთანაა დაახლოებული:

“მე შეხვედრა მქონდა ასევე ქართულ დიასპორასთან. დღესდღეობით ბევრია ისეთი წარმომადგენელი, ვისაც ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია საქართველოსთვის. ყველაზე უფრო ძლიერი ორგანიზაცია ეს არის “ქართველთა კავშირი”, რომლის ხელმძღვანელიც არის მიხეილ ხუბუტია. ჩემი და ჩვენი ორგანიზაციის თვალსაზრისით, უბრალოდ, დანაშაულია, როცა ისეთ ადამიანს, როგორიც არის მიხეილ ხუბუტია, რომელსაც პირდაპირი კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, რისი ფუფუნებაც არამცთუ ბევრ ქართველს ბევრ რუსს არ აქვს, ჩვენ არ ვიყენებთ. დღეს საქართველოს მართავს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ გვყავს მეფისნაცვალი რიჩარდ ნორლანდი, რომელიც აშანტაჟებს როგორც ხელისუფლებას, ასევე, ოპოზიციას. მოსყიდული ყავს არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი, ასეთივე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, მედიასაშუალებებიც, რომლებიც მუდმივად ახდენენ ნატოსა და ევროკავშირის პოპულარიზაციას”, – განაცხადა ჭყოიძემ.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში:

“პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე ძალიან საინტერესო გამომსვლელები იყვნენ, მათ შორის, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ნარიშკინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. თემა იყო, თუ რა პლუსები ექნება ევრაზიულ საბაჟო კავშირს, ევრაზიულ კავშირს და, მე ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს ამის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს შესვლის თაობაზე ამ კავშირში. საქართველოს საბაჟო და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს შანსი მიეცემა ააყვავოს თავისი ეკონომიკა. რუსულ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ღვინოზე და მინერალურ წყალზე. აუცილებელია ხელისუფლებამ იფიქროს ამაზე, მხოლოდ აბაშიძე–კარასინის შეხვედრები რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის”, – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

არჩილ ჭყოიძე
არჩილ ჭყოიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი