როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს “პროვოკაცია” პრაღაში გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრის წინ რთული ატმოსფეროს შექმნას ისახავს მიზნად.

 

“15 აპრილს რუსეთის მესაზღვეებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე [ცხინვალთან] სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ტელეჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გადაეცა. დამრღვევებმა შეგნებულად, დემონსტრაციულად გადაკვეთეს საზღვარი და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება დაიწყეს. რთულია ეს ფაქტი არ შეაფასო ისე, როგორც წინასწარ დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრის წინ ატმოსფეროს გართულებაა”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც დღეს რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

 

ოფიციალური მოსკოვის აზრით, “ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა, რომ ქართულ საზოგადოებაში მიმდინარეობს ბრძოლა იმ ძალებს შორის, რომელთაგან ერთს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს, ხოლო მეორე იზიარებს მიხეილ სააკაშვილის კურსს მტრული განწყობების გაღვივების თაობაზე”.

 

ტვ–3–ის 3 თანამშრომელი (ბელა ზაქაიძე – ჟურნალისტი, ვახო ლეკიაშვილი – ოპერატორი და მიხეილ მიხოევი – ჩართვის ოპერატორი) რუსმა მოსაზღვრეებმა სოფელ აძვთან გუშინ დააკავეს. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *