ახალი ამბები

საიამ მავთულხლართებით დაზარალებულთა სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართა

14 აპრილი, 2014 • • 1004
საიამ მავთულხლართებით დაზარალებულთა სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართა

საია ევროპულ სასამართლოში დვანის მაცხოვრებელთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევას დავობს. 

 

2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში მავთულხლართების გავლებამ გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო მიწები სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მავთულხლართების მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, დვანში მცხოვრები 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლიც ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება. 

 

მიწის ნაკვეთებთან ერთად, დვანში მცხოვრებ 3 ოჯახს მავთულხლართების მშენებლობის გამო აღარ ეძლევა საშუალება ისარგებლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლებით. ეს სახლები მავთულხლართების მიღმა ჯერ არ აღმოჩენილა, თუმცა, ტერიტორია უკვე მონიშნულია და რუსი მესაზღვრეების მითითებით ამ ოჯახებმა თავიანთი სახლები დაშალეს და შეძლებისდაგვარად ყველა ნივთი გამოიტანეს.

 

დღევანდელი მდგომარეობით დვანის მოსახლეობის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მავთულხლართების მიღმაა მოქცეული. მოსახლეობა ამ მიწებს 2013 წლის ოქტომბრამდე ამუშავებდა და მიწიდან მიღებულ მოსავალს ოჯახისა და შინაური პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა. ზოგიერთი ოჯახი მიწაზე მოყვანილ მოსავალს ყიდდა კიდეც და ეს მათი ოჯახების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. მიწებზე წვდომის დაკარგვის შედეგად ოჯახებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რადგან ისინი მავთულხლართების გამო მომავალში ამ მიწების დამუშავებას ვეღარ შეძლებენ.

 

საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევის გარდა (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში დავობს საცხოვრებლის პატივისცემის (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი), მიმოსვლის თავისუფლების (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევის თაობაზე (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი).

 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 2011 წელს დაიწყო და 2013 წლის თებერვლიდან გააქტიურდა. ამჟამად, მავთულხლართების გავლების შედეგად ე.წ. გამყოფი ხაზის პირას მდებარე დაახლოებით 23 ქართული სოფელია დაზარალებული.  საია აგრძელებს პროცესზე აქტიურ დაკვირვებას და სხვა სოფლებში მნიშვნელოვნად დაზარალებული მოსახლეობის სახელითაც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი