ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჩვენს მოქალაქეებს უნდა მოეხსნათ კომპლექსი, რომ მუდმივად ვიღაც გვითვალთვალებს

10 აპრილი, 2014 • • 991
უსუფაშვილი: ჩვენს მოქალაქეებს უნდა მოეხსნათ კომპლექსი, რომ მუდმივად ვიღაც გვითვალთვალებს

“ჩვენ ვნახეთ, თუ რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, რამდენი ვიდეომასალა არსებობდა, შესაძლოა ჩვენზეც და ეს იყო სერიოზული პრობლემა ამ ქვეყანაში. ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი. ამის შესახებ ახალმა მთავრობამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე განაცხადა, რომ ქვეყანაში მთავარი ღირებულება თავისუფლება იქნებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა ეს ყველაფერი, რაც გაირკვა, ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ იმ მასალის განადგურებით არ მთავრდება პრობლემა. საჭირო იქნებოდა ამ საკითის საკანონმდებლო დახვეწა, ტექნიკური და სხვა თემების მოგვარება, ტრენინგები იმისათვის, რომ ერთი მხრივ, დანაშაულის გახსნას რაც ჭირდება, სამართალდამცველები იყვნენ სათანადოდ შეიარაღებულები და დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება და მეორე მხრივ, არ მოხდეს ძალის გადაჭარბება და გადამეტება, ანუ თქვენი უსაფრთხოების დაცვის მოტივით ჩემი პირადი ცხოვრება არ იყოს შელახული”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, თითქმის ერთი წელია რაც მიდის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა:

 

“ჩვენ, პარლამენტმა მივიღეთ ზომები, რომ რაც შეიძლება ფართო განხილვა მომხდარიყო მისი, მივმართეთ ევროსაბჭოს და გავაგზავნეთ კანონპროექტი ექსპერტიზაზე, ჩემოვიდა ეს დასკვნები, ჩამოვიდნენ ექსპერტები, ეს არის სწორედ ის ჯანსაღი პროცესი, რაც თითოეულ კანონპროექტზე მინდა, რომ ხდებოდეს ქვეყნაში, ყველაფერი ცხრაჯერ უნდა გავზომოთ და ერთხელ უნდა გავჭრათ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი განსხვავებული მოსაზრებები იქნება ამა თუ იმ კანონპროექტუს განხილვის დროს, მით უფრო კარგია:

 

“მთავრობა, რომელსაც აკისრია ძალიან კონკრეტული ამოცანები, ცხადია მან უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და გვითხრას პარლამენტარებს ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას რა მოყვება, სად რა პრობლემა შეიძლება გაჩნდეს. ჩვენ პარლამენტში იმიტომ ვართ, რომ ეს მოსაზრებები მოვისმინოთ.

 

ასე, რომ, მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მიდის განხილვა, ამ პროცესში ჩართულნი არიან ღიად სამართალდამცვავები, არასამთავრობოები, ჟურნალისტები, მხოლოდ ამ გზამ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ სქართველოს მოქალაქეებს ეს კომპლექსი მოეხსნათ, რომ მუდმივად ვიღაც გვითვალთვალებს და ვიღაც ჩვენს ცხოვრებაში ყოფს ცხვირს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც 10 თვის წინ შევიდა პარლამენტში ფარულ მოსამენებთან დაკავშირებით. შსს და მთავრობა კი ეწინააღმდეგება კანონპროექტის კონკრეტულ მუხლებს, რომელიც ფარული მიყურადების კონტროლის ახალი მექანიზმების ჩადებას ითვალისწინებს კანონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი