ახალი ამბები

ინტოქსიკაციის ეჭვების გასაფანტად, მერაბიშვილს დამატებით გამოიკვლევენ – პენიტენციური სამსახური

2 ოქტომბერი, 2018 • 1307
ინტოქსიკაციის ეჭვების გასაფანტად, მერაბიშვილს დამატებით გამოიკვლევენ – პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და დღეს, 2 ოქტომბერს, სამოქალაქო კლინიკაში მხოლოდ ადვოკატების ეჭვების გასაფანტად გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, 2018 წლის 26 სექტემბერს კლინიკა “ავერსში” ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად ჰორნერის სინდრომის დაავადება რეგრესირებს და, როგორც მსჯავრდებული ექიმებთან თავადვე ადასტურებს, 2 კვირაა, რაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც სუნთქვის პრობლემების, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ.

“26 სექტემბერსა და მანამდე ჩატარებული მრავალი კონსულტაციისა და სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევების შედეგად, სრულად გამოირიცხა ორგანიზმში სიმსივნური პროცესი, რაც ზოგჯერ ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთ მიზეზად ვლინდება, ასევე გამოირიცხა ჰორნერის სინდრომის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა. მედიკოსთა აზრით, სახეზე არც ინტოქსიკაცია არა არის და პაციენტი ამ მხრივ არავითარ დამატებით კვლევას არ საჭიროებს. სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკის ყველა ექიმის საერთო აზრით, მსჯავრდებულს მხოლოდ სჭირდება, არ შეწყვიტოს ის მკურნალობა, რაც დაენიშნა, რაზეც სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აგრძელებს”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის დღევანდელ განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული მკურნალობის შედეგად დაავადება და სიმპტომები რეგრესირებს და ექიმები დამატებით ანალიზებს საჭიროდ არ თვლიან, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან გამოთქმული ბოლო ეჭვის გაბათილების მიზნით, რომელიც ინტოქსიკაციას უკავშირდება, ვანო მერაბიშვილის კლინიკა “მედიქლაბი” გადაიყვანონ.

“მას დღეს და ხვალ ჩაუტარდება ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, მოხდება იმ მძიმე მეტალების იდენტიფიკაცია, რომელზეც მედიკოსთა აზრით მიზანშეწონილია ანალიზების ჩატარება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. შედეგად, საბოლოოდ, დოკუმენტურად გამოირიცხება ის ეჭვიც, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატებს აქვთ. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, დაიცვან პაციენტის უფლებები და პატივი სცენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს”, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი