ახალი ამბები

რა გახდა იუსტიციის სახლში რიგის მიზეზი

28 სექტემბერი, 2018 • 2559
რა გახდა იუსტიციის სახლში რიგის მიზეზი

თბილისის იუსტიციის სახლში რიგების მიზეზად ტაქსებისა და იმ იურიდიული პირების რეგისტრაციას ასახელებენ, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ.

ტაქსით მომსახურების ლიცენზიის აღების ვადა პირველ ოქტომბერს იწურება. ამ დროისთვის [28 სექტემბერი] ნებართვა 9 154 მძღოლს აქვს აღებული. იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ მძღოლების უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იმ ტაქსის კომპანიებს, რომლებმაც ნებართვის აღებისთვის საჭირო რეგისტრაცია ადრე გაიარეს და ტექნიკური ხარვეზის გამო კვლავ მოუწიათ რეგისტრაციის გავლა, იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიაში უარყოფენ.

რაც შეეხება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობას, ამ შემთხვევაშიც რეგისტრაციის ვადა 1 ოქტომბერს იწურება. ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს.

“თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღიურად ემსახურება საშუალოდ 8500 მომხმარებელს, რა დროსაც მოქალაქეთა ლოდინის საშუალო დრო 5:36 წუთია. 2018 წლის 28 სექტემბრის 13:00 საათის მდგომარეობით თბილისის ფილიალი მოემსახურა საშუალოდ 4411 მომხმარებელს, ხოლო მოლოდინში იმყოფება 2289 მომხმარებელი,” – წერია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი