ახალი ამბები

რუსთავი 2 კანონს არ არღვევს, მაგრამ GNCC მაინც აკრიტიკებს

26 სექტემბერი, 2018 • 2142
რუსთავი 2 კანონს არ არღვევს, მაგრამ GNCC მაინც აკრიტიკებს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) “ტელეკომპანია” რუსთავი 2″-ს უფასო პოლიტიკური რეკლამის გაზრდილი დროის გამო აკრიტიკებს. კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ წინასაარჩევნოდ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი, რომელიც  ყოველ სამ საათში 7.5  წუთს შეადგენს, 17 სექტემბრიდან გაზარდა.

GNCC-ში განმარტავენ, რომ დროის გაზრდით “რუსთავი 2” კანონს არ არღვევს, თუმცა უფასო პოლიტიკური რეკლამის გაზრდამ, შესაძლოა, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. მარეგულირებელში მიაჩნიათ, რომ ეს უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ზომის მაუწყებლებზე.

კომისიის ამ განცხადებას “რუსთავი 2”-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, სარეკლამო დროის გაზრდა პოლიტიკურ რეკლამაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების რაოდენობამ გამოიწვია. ტელეკომპანიის იურისტი განმარტავს, რომ “რუსთავი 2” უფასო სარეკლამო დროის გაზრდას დამატებით აღარ გეგმავს, რადგან უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების თხოვნით უკვე ყველა სუბიექტმა მიმართა. თამთა მურადაშვილის თქმით, სარეკლამო დროის გაზრდის შესახებ კომისია წინასწარ გააფრთხილეს და მაშინ მარეგულირებელს ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.

“როდესაც პარტიები ტელეკომპანიას უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხზე მიმართავენ, რიგითობის მიხედვით ბადეში განთავსება ხდება. სამაუწყებლო ბადე იგეგმება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით და როცა ახალი რეკლამა ემატება, დროის გადანაწილება ზუსტად ვეღარ ხდება, რაც იწვევს დადგენილი ლიმიტის ზრდას. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე პარტია, რომლებმაც ცესკოდან საბუთები წარადგინეს, რომ ნამდვილად კვალიფიციური სუბიექტები არიან და რეკლამა მოიტანეს. მათი რეკლამა ჩვენ განვათავსეთ, რათა ხელი არ შეგვეშალა მათთვის და სარეკლამო დრო უპრობლემოდ აეთვისებინათ”, – უთხრა თამთა მურადაშვილმა ნეტგაზეთს.

GNCC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “რუსთავი 2”-ზე გასული რამდენიმე პოლიტიკური პარტიის რეკლამა მიმართულია მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურება. კომისია ამ გარემოებას პოლიტიკური პლურალიზმისთვის ხელშემშლელ ფაქტორად აფასებს.

საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ რეკლამას განმარტავს, როგორც მედიაში გასული ისეთი შინაარსის რეკლამას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან შეშლას.

თამთა მურადაშვილის თქმით, წინა არჩევნებშიც ხშირი იყო შემთხვევა, როცა ტელევიზიებით გადიოდა რეკლამები, რომლებიც სხვა კანდიდატების არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა და კომისიას აქამდე ამ საკითხზე პრეტენზია არ ჰქონია.

იურისტი განმარტავს, რომ მაუწყებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში ერევიან რეკლამის შინაარსში, თუ ის სახელმწიფოს დამხობის, შუღლის გაღვივებისა და ქსენოფობიური შინაარსის შემცველია. თამთა მურადაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ტელევიზია გარკვეული დროით საარჩევნო რეკლამას ბლოკავს, შემდეგ კი მარეგულირებელს მიმართვს, რათა დაადგინოს რეკლამის შესაბამისობა კანონთან. ამის შემდეგ მაუწყებელი იღებს გადაწყვეტილებას რეკლამის ეთერში გაშვების შესახებ.

“ჩვენ ასევე ვამოწმებთ მოწოდებული რეკლამების ტექნიკურ მხარეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნამდვილად იყოს წარწერა, ეს არის ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა. ასევე, საარჩევნო სუბიექტი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და კლიპს ჰქონდეს ნომერი. სრულიად გაუგებარია კომისიის განცხადება საარჩევნო პლურალიზმის საფრთხეზე, წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა კვალიფიციურ სუბიექტს დროს თანაბრად ვუთმობთ”, – ამბობს ტელეკომპანიის იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი