როჯერსი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინი შესაძლოა საქართველოსა და სომხეთში ერთდროულად შეჭრაზე ფიქრობდეს, რათა პირდაპირი კავშირი შექმნას ამ მიმართულებით ირანსა და რუსეთს შორის:
“ამის მიზეზი არ არსებობს იქ, რადგან საქართველოს არმია არავითარ საფრთხეს არ ქმნის. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია”, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა როჯერსმა ფოქსნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს როჯერსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარების შეყვანის თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გუშინ, 31 მარტს განაცხადა: “რუსეთის მხრიდან თითქოს არსებობს იმის მზაობა”, რომ ე.წ. საზღვრებთან პროვოკაციული ქმედებები შეწყდეს. ნეტგაზეთის კითხვას, რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს, მინისტრმა ასე უპასუხა:
“ჟენევაში შეხვედრა გვქონდა რუსეთის მხარესთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი კარასინი წარმოადგენს, ჩვენი მხრიდან იქ იყო ბატონი დავით ზალკალიანი, ჩემი პირველი მოადგილე. ეს საუბარი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვა: არსებობს ასეთი მზაობა”, – უთხრა ფანჯიკიძემ ნეტგაზეთს. “ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – აღნიშნა მან.