ახალი ამბები

ქუთაისის მერი საკრებულოში ჩხუბზე: [უკლებამ] თავი გაალახინა

21 სექტემბერი, 2018 • 2142
ქუთაისის მერი საკრებულოში ჩხუბზე: [უკლებამ] თავი გაალახინა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია “სრულ პროვოკაციად” აფასებს 19 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატების დაპირისპირებას.

ორი დღის წინ, IPN-ის ინფორმაციით, “ოცნების” დეპუტატები, ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე, თავს დაესხნენ გია უკლებას და გიგა შუშანიას, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან. შსს-მ ინციდენტის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

21 სექტემბერს, ინციდენტიდან ორი დღისთავზე, ქუთაისის მერმა ჭიღვარიამ ტელეკომპანია პირველის გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ “ის ბატონი [გია უკლება], მთელი [იმ დროის განმავლობაში], რაც დაიწყო ახალმა ადმინისტრაციამ მუშაობა … გამოირჩევა ზუსტად ასეთი აგრესიულობით”.

“მან შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერა, შეურაცხყოფა მიაყენა არამარტო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, არამედ, საერთოდ, ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ღიად, საჯაროდ დაწერა ფეისბუკზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაზეც თავისთავად ჩვენმა საკრებულოს წევრებმა სთხოვეს, რომ ბოდიში მოეხადა და ეს არ იყო სწორი… ადამიანი საკრებულოს წევრია და ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს [წერს], აგინებს ამომრჩეველს ფაქტობრივად და ამას მოჰყვა … ეს დაპირისპირება”, -განაცხადა ჭიღვარიამ.

ჭიღვარიას თქმით, უკლება “ღიად აცხადებდა შემდეგ, რომ სპეციალურად გააკეთა და გაალახინა თავი იმიტომ, რომ მისთვის მომგებიანი იყო”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გია უკლებას ამ ბრალდების შესახებ მისი პასუხის მოსასმენად. უკლება იმდენად აბსურდულად მიიჩნევს ჭიღვარიას ბრალდებას, რომ  გვითხრა, არ თვლის საჭიროდ, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს.

19 სექტემბერსვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიამ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა მანაც ოპონენტების მხრიდან პროვოკაციად შეაფასა აღნიშნული ინციდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი