ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე ბოდიშს იხდის ჩხუბის გამო

19 სექტემბერი, 2018 • 2785
ქუთაისის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე ბოდიშს იხდის ჩხუბის გამო

ქუთაისის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ბოდიშს იხდის ქუთაისში დღევანდელი ჩხუბის გამო, თუმცა ინციდენტს ოპონენტების პროვოკაციას აბრალებს.

“რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რაც დღეს მოხდა, არ უნდა ხდებოდეს მერიის შენობაში. ჩვენ, საკრებულოს დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაგვაჩნია თმენის მეტი ვალდებულება”,- განაცხადა შენგელიამ.

შენგელიას თქმით, მათი ოპონენტები “ყოველგვარი ხერხით” ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რათა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში ჩატარებას შეუშალონ ხელი.

“ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ჩვენი გუნდი მთლიანად იზიარებს იმ პოზიციას, რასაც ჰქვია ჯანსაღი საარჩევნო ურთიერთობა, პოლიტიკური განწყობა, პოლიტიკური ვითარება”, განაცხადა შენგელიამ, თუმცა დასძინა, რომ “ის პროვოკაციები, რომლებსაც პერმანენტულად ახორციელებს ეს ოპოზიციური ძალა, ნამდვილად არის მიუღებელი საზოგადოებისთვის”.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტომ, Imereti.news-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს სცემეს. IPN-ის ინფორმაციით, “ოცნების” დეპუტატები, ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე, თავს დაესხნენ გია უკლებას და გიგა შუშანიას, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან.

მათივე ცნობით, დაპირისპირება უკავშირდება მერიის მიერ დაშვებულ შეცდომას — გუშინ მათ არაზუსტად დაასახელეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი სკვერი. სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, მერიამ და უშუალოდ მერმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ნიკო ნიკოლაძის სკვერში დაამონტაჟეს განათებები, ამის გამო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიას საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს, წერდა “ინტერპრესნიუსი“.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, 19 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ჩხუბს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი