ჩანერგილი სპეცრაზმელები თვალებში სპეციალურად ისროდნენ – საკრებულოს წევრი

ქუთაისის საკრებულოს წევრი (“ქართული ოცნება”) ალექსანდრე ახალაძე ვარაუდობს, რომ “ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა” მომიტინგეებს დამიზნებით ესროლეს თვალში, რათა შემდგომ ამას რევოლუციური პროცესები მოჰყოლოდა და აქციის მონაწილეებს ეთქვათ “თვალები დაგვთხარესო”. საკრებულოს სხდომის ვიდეოს ტვ რიონი ავრცელებს.

ამის შესახებ ახალაძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ასევე დაიცვა ნანა კოსტავა, რომელსაც მმართველი გუნდი გაემიჯნა სალომე ბარკერზე გაკეთებული კომენტარის გამო.

“თქვენ ხომ ნახეთ, თბილისში რაც მოხდა, ძალიან საშინელება იყო, რაზეა საუბარი, ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდა.

როდესაც ვარდების რევოლუციას ახდენდნენ, ვარდები დაიკავეს ხელში. მაშინვე გაჩნდა კითხვის ნიშნები, რატომ ვარდები? იმიტომ, რომ შემდეგ ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულიყო. ახლაც სპეციალურად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული და არ ვიცი, ალბათ, საპირისპიროს მერე გამოძიება იტყვის, რომ ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად, შერჩევით დამიზნებით [ესროლეს] ზუსტად თვალში, [ძალიან დიდია ალბათობა, რომ თვალში მოგვხვდეს] ესეც გააკეთეს იმიტომ, რომ ახლა იძახიან, თვალები დაგვთხარესო. ეს არის ყველაფერი იმისათვის, რომ ის სახელმწიფოებრიობა დაინგრეს და შემდეგ დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ”, – აცხადებს საკრებულოს წევრი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com