ჩეჩნეთში აქტივისტის სასამართლო “სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის” საბაბით დახურეს

ჩეჩნეთში, ქალაქ შალის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დახურა ადამიანის უფლებათა ვეტერანი აქტივისტის, ოიუბ ტიტიევის სასამართლო სხდომა “სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის” საბაბით — იუწყება რადიო თავისუფლება.

61 წლის ტიტიევი რუსული უფლებამცველი ორგანიზაცია მემორიალის ჩეჩნეთის ბიუროს ხელმძღვანელია.

ის 2018 წლის იანვარში დააკავეს მარიხუანის ფლობის ბრალდებით.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო აცხადებდა, რომ ტიტიევის მანქანაში 180 გრამამდე კანაფი აღმოაჩინა, თუმცა ტიტიევი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ხელისუფლება ყალბი ბრალდებით ცდილობს მის ციხეში გამოკეტვას.

ტიტიევის სასამართლო 21 სექტემბერს განახლდა. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუკი დამნაშავედ ცნობენ.

RFE/RL-ის ცნობით, აშშ, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყანა და ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) ადამიანის უფლებათა კომისარი გმობენ  ტიტიევის დაკავებას და შეშფოთებას გამოხატავენ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

“რუსეთის ხელისუფლება არაფერზე დაიხევს უკან, რათა გააჩუმოს ნებისმიერი, ვინც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს.  წლებია ტიტიევს უწევს შევიწროებასთან და ზეწოლასთან გამკლავება”, რადიო თავისუფლების თანახმად, ასე განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მემორიალის განცხადებებით, ნარკოტიკების ჩადება ნაცადი ხერხია, რასაც ხელისუფლება ანტისახელისუფლებო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს.

ჟალაუდი გერიევი, გამოცემა kavkaz-uzel-ის კორესპონდენტი, 2016 წლის სექტემბერში ამავე — ნარკოტიკების ფლობის — ბრალდებით დააკავეს. ისიც უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. მოგვიანებით მემორიალმა გერიევი პოლიტიკურ პატიმრად შერაცხა.

კიდევ ერთი საჯარო ფიგურა ჩეჩნეთში, რუსლან კუტაევი 2014 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის წლისთავზე მრგვალი მაგიდა მოაწყო. 1944 წელს ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ბრძანების საფუძველზე. გადასახლებისას უამრავი ადამიანი დაიღუპა, სხვებს კი უკიდურესად გაუსაძლის პირობებში უწევდათ გადარჩენა. ამ საკითხზე დებატები წლებია აკრძალულია რუსეთში, განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. კუტაევსაც, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ნარკოდანაშაულში სდებდნენ ბრალს.

გარეკანის ფოტოზე: ოიუბ ტიტიევი. ფოტო: რადიო თავისუფლების ჩრდ. კავკასიური სამსახური

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com