ახალი ამბები

ადრეულ ასაკში იძულებით და გარიგებით ქორწინების ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშში

31 მარტი, 2014 • • 6339
ადრეულ ასაკში იძულებით და გარიგებით ქორწინების ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშში

სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში მოყვანილია მაგალითი, როცა ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გოგონა მამამისმა 45 წლის კაცს 10 ძროხად მიჰყიდა, მაშინ, როცა არასრულწლოვან გოგონას გათხოვება არ სურდა.

 

ეს ფაქტი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის დისკუსიის დროს მოისმინეს ადგილობრივი ახალგაზრდებისგან. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ლაგოდეხის რაიონის კონკრეტულ თემში გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაცია.

 

„ჩვენი სოფლიდან ერთი გოგო მამამ 10 ძროხად მიჰყიდა 45 წლის კაცს, ამ გოგოს არ უნდოდა ამ კაცზე გათხოვება და სხვასთან ერთად გაიპარა სახლიდან“. მეორე გოგონა ამბობს: „ჩემ მშობლებს ვეუბნები, თუ ძალით გამათხოვებენ, თავს მოვიკლავ. ამას ყოველდღე ვუმეორებ, რომ არ გამათხოვონ“, – ეს არის ამონარიდები სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშიდან.

 

ომბუდმსენის ინფორმაციით, თემში მცხოვრები გოგონები იძულებული არიან სკოლაში სიარულს თავი დაანებონ, რადგან არსებობს მოტაცების რისკი. 2014 წლის იანვარ-თებერვალში მოტაცების 3 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულს ადასტურებს სკოლის დირექტორიც, ხოლო ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი ადრეული ქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა

 

გოგონათა მოტაცემა ბოლო სამი წლის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით. სახალხო დამცველი მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებს, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე,  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ადრეული ქორწინებაა. განათლების შეწყვეტის შემთხვევები ქვემო ქართლის რეგიონში განსაკუთრებით მაღალია.

 

სახალხო დამცველის განამარტებით, აღნიშნული პრობლემა მწვავე იყო 2012 წელსაც, თუმცა  სახელმწიფომ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ომბუდსმენის ოფისმა ქვემო ქართლში ჩაატარა რამდენიმე საგანმანათლებლო დისკუსია, სადაც ახალგარზრდებმა აღნიშნეს, რომ გოგონების მხრიდან სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზი არის ნაადრევი ქორწინება და ფინანსური პრობლემები.

 

ერთ-ერთი გოგონა ყვება: „ჩემი მეგობარი ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა, საჭმლის საშოვნელად გარეთ უწევდა სიარული. გათხოვდა და იცის, რომ მომავალი გარანტირებული აქვს, მშიერი მაინც აღარ იქნება“.

 

სახალხო დამცველი ამბობს, რომ რეგიონებში მცხოვრებმა გოგონებმა, ადამიანებმა არ იციან ნაადრევი გათხოვების რისკები. მათ ასევე არ იციან, თუ ვის უნდა მიმართონ ბავშვების უფლებების დარღვევის ფატებზე.

 

ამის გარდა, ომბუდსმენი საუბრობს სოციალური სამსახურების, პოლიციის, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან არასათანადო რეაგირების ფაქტებზე.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება. ერთი წლის განმავლობაში- 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი – 30 წამში.

 

სახალხო დამცველმა 2013 წლის ანგარიში პარლამენტს განსახილველად დღეს გადაუგზავნა. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი