ახალი ამბები

ხორბლის გადატანაზე შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მძღოლები მასშტაბურ აქციას აანონსებენ

19 სექტემბერი, 2018 • 1582
ხორბლის გადატანაზე შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მძღოლები მასშტაბურ აქციას აანონსებენ

უკვე რამდენიმე დღეა ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, სატვირთო ავტომობილების მძღოლები  ხორბლის გადატანის შეზღუდვაზე მინისტრის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით აქციებს მართავენ.

როგორც პროფკავშირში აცხადებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

“ამ რეგულაციის ფარგლებში მძღოლებს და მეწარმეებს არ ეძლევათ საშუალება, რომ ხორბლი შემოიტანონ სატვირთო ავტომობილით. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ბიზნესში ჩართულია სულ ცოტა 10 000 ადამიანი, რომლებიც უსახსროდ რჩებიან”, – ვკითხულობთ პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან ის აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას. პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ კომპრომისის გამონახვა აუცილებელია, რათა ადამიანები შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ. აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ.

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები 19 სექტემბრის 18:00 საათამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი მასშტაბურ აქციას აანონსებენ, რომელსაც პროფკავშირებიც შეუერთდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოში ხორბლის, ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა, აგრეთვე საქართველოდან ამ საქონლის გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით იკრძალება. ამ ბრძანებით, აღნიშნული საქონლის იმპორტ-ექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

რა ელის 3000 ხორბალმზიდი ავტომობილის მესაკუთრეს – ახალი აკრძალვა ხორბლის შემოტანაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი