ახალი ამბები

პრემიერის მონაცემების არსებობას მაჭუტაძის პარტიის მხარდამჭერთა სიაში პროკურატურა შეისწავლის – ცესკო

18 სექტემბერი, 2018 • 1455
პრემიერის მონაცემების არსებობას მაჭუტაძის პარტიის მხარდამჭერთა სიაში პროკურატურა შეისწავლის – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიაში მამუკა ბახტაძის მონაცემები ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა  სრულიად განსხვავდება პრემიერ-მინისტრის ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს ვითარების გარკვევას:

“ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს”, – ვკითხულობთ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკოს მიერ გადაგზავნილია პროკურატურაში, რათა ამ უწყებამ რეაგირება მოახდინოს.

პოლიტიკური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მისი განცხადებით, შესაძლოა ეს პროვოკაციაა, რომელიც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაგეგმეს. ვაშაძეს კითხვები აქვს, როგორ აღმოჩნდა ცესკოში დაცული დოკუმენტი ჟურნალისტების ხელში. ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ხელმოწერების შეგროვებისას ვინმემ განზრახ შეიტანა დოკუმენტში პრემიერ-მინისტრის მონაცემები.

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ წარდგენილ ხელმოწერებში პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის არსებობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი