ნეტგაზეთი | საგანელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტის გადადგომას ითხოვს საგანელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტის გადადგომას ითხოვს – Netgazeti
RU | GE  

საგანელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტის გადადგომას ითხოვს

საპარტნიორო ფონდი მოითხოვს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური მენეჯმენტის სრული შემადგენლობით გადადგომას და აუდიტორული/საგამოძიებო სამსახურების მხრიდან ამ დაწესებულების ფინანსური ანგარიშების შემოწმებას. ამჟამად საავადმყოფო სწორედ ამ ფონდის ბალანსზეა.

ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბევრი დარღვევებია, თუმცა ამის შესახებ დეტალურად არ საუბრობს:

“ნამდვილად არსებობს ბევრი დარღვევა, რომელიც არ უნდა იყოს – ზოგი შეიძლება უმნიშვნელო, ზოგი – მნიშვნელოვანი, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ… ამაზე ისაუბრონ შესაბამისმა ორგანოებმა და მიიღონ დასკვნა. ჩვენ სამედიცინო ნაწილში არ ვერევით, მაგრამ ვინაიდან საპარტნიორო ფონდს გადმოეცა ეს კლინიკა, ბუნებრივია, პასუხს ვაგებთ იმაზე, რაც ხდება, რადგანაც იქ ავადმყოფები მკურნალობენ.”

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ავთანდილ იმედაძე დავით საგანელიძს ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს მხოლოდ თავისი ინტერესები აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.

“რაიმე ინტერესი რომ არ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ასეთი გააფთრებული ბრძოლა არ იქნებოდა ჩემ წინააღდეგ. არ ვიცი, რა ფინანსურ დარღვევებზე საუბრობენ. ალბათ, ეს მათი რაღაც იმპროვიზაციაა. ნუ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში”, – განუცხადა ავთანდილ ინასარიძემ რუსთავი 2-ს.

საპარტნიორო ფონდის მტკიცებით, ერთი თვის წინ ავთანდილ ინასარიძე საკუთარი ნებითაც აპირებდა თანამდებობიდან წასვლას, რასაც თავად საავადმყოფოს დირექტორიც უდასტურებს რუსთავი 2-ს, თუმცა დღეს იგი აცხადებს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

  • სახელმწიფო აუდისტის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დავით საგანელიძეს ოფიციალურად არ მიუმართავს მათთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური ანგარიშების შემოწმების თხოვნით. აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ წლის გეგმა უკვე წინასწარ გაწერილია, ხოლო საპარტნიორო ფონდის მხრიდან ოფიციალური მიმართვის შემდეგ იმსჯელებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. აუდიტის სამსახური კლინიკის ფინანსურ ანგარიშებს სავარაუდოდ მომავალ წელს შეამოწმებს.
  • ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კითხვით, აპირებენ თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური ანგარიშების შესწავლას. სამსახურის პასუხს მიღეიბისთანავე ამავე მასალაში გაცნობებთ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.