ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამედიცინო მარიხუანის წარმოება/ექსპორტის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდს კონსულტაციები ექნება საპატრიარქოსთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.
“ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების აზრი, აქედან გამომდინარე გვექნება კონსულტაციები საპატრიარქოსთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან, და ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერის ინტერესშია.
რა იქნება შემდგომში, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშნელოვანია სზოგადოების დიდი ნაწილის აზრი, ჩვენი დედაეკლესიის აზრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია”, – განაცხადა კილაძემ.
პარლამენტში სამედიცინო მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რომელიც მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოების უკეთ ინფორმირება დაასახელა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ სხდომაზე პარლამენტი მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავს, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ეხება.
“შემოსულია კანონპროექტის პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაციას და მცენარე კანაფის წარმოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ საზოგადოების განწყობის შესაბამისად. საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი საკითხების მოწესრიგების შინაარსის თაობაზე. ინფორმირებას სჭირდება დრო. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2 ნაწილად გავყოთ ამ საკითხების განხილვა” ,– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, შსს-ს თხოვნით, პარლამენტი სასწრაფოდ დაიწყებს იმ საკითხის განხილვას, რომელიც მარიხუანის მოხმარებას შეეხება.
“დღეს ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაციას და საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე.
რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. მთავარი არის, საზოგადოება იყოს ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, მათ შორის იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას ჩვენი ოპონენტების, სხვადასხვა ძალების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, კანონპროექტი ამას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სრულად მისაღები საზოგადოებისთვის.”
პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპატრიარქოს საგანგებო თათბირი და საკრებულოსთან ღამით ჩატარებული პარაკლისი.