“ობამას განცხადება იყო, რა თქმა უნდა, ცუდი, დროის გათვალისწინებით, მესიჯებით…ამასთანავე, მას არ უთქვამს, რომ საქართველოს და უკრაინას ნატო-ში გზა აღარ აქვთ.
მან თქვა, რომ ამ ეტაპზე არ შედიან ნატო-ში უკრაინა და საქართველო, ანუ იგულისხმება ახლანდელი სამიტი. ეს ისედაც არ იგეგმებოდა. სიცუდე ის არის, რომ არ მოაყოლა ბუქარესტის ვალდებულება, ან map-ის შესაძლებლობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-ში აღარ შევდივართ. ამაზე კიდევ უფრო ცუდი იყო, როდესაც უკრაინის პერსპექტივაზე ლაპარაკობდა და რუსეთის პრობლემებს დაუაკავშირა. ერთიც გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო კითხვა-პასუხი, ანუ ობამას ცუდი იმპროვიზაციის ელემენტებიც იყო”, – ასე გამოეხმაურა ხოშტარია ობამას განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, საქართველოს “ისტერიკაში არ უნდა ჩავარდეს” ამ განცხადების გამო. ამას გარდა:
“მთავრობამ უნდა გამართოს კონსულტაციები აშშ-ის მთავრობასთან და გააპროტესტოს, რომ ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პოზიცია; იმუშავოს კონგრესთან გასაპროტესტებლად; ნატო-ში გააკეთებინოს უახლოეს მომავალში განცხადება სწორი მესიჯებით”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 მარტს, ბარაკ ობამამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არც უკრაინა და არც საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე არ დგანან. ამასთან, ობამას განცხადებით, ნატოს დაუყოვნებლივ გაფართოების გეგმა არ არსებობს, თუმცა აშშ და ევროკავშირი ყველა ზომას მიმართავს უკრაინის მხარდასაჭერად.