ახალი ამბები

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” ხაზარაძის მოადგილედ თედო ჯაფარიძე დაინიშნა

14 სექტემბერი, 2018 • 2804
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” ხაზარაძის მოადგილედ თედო ჯაფარიძე დაინიშნა

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მოადგილედ ყოფილი დიპლომატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მრჩეველი თედო ჯაფარიძე დაინიშნა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ცნობით,  ჯაფარიძის მომავალი საქმიანობის სფერო კონსორციუმის საგარეო ურთიერთობების კურირება, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება გახდება.

“საუკუნის პროექტისთვის გამორჩეული პროფესიონალების გუნდის შექმნის პროცესი გრძელდება და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ამიერიდან გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თედო ჯაფარიძე უხელმძღვალენელებს “, – განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მისი განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა.

ანაკლიის გუნდს თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აპარატში მუშაობის შემდეგ შეუერთდა, სადაც ის საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

სხვადასხვა წლებში ჯაფარიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში და ა.შ. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი