ახალი ამბები

ევროპარლამენტის “სასჯელი” უნგრეთს – რას ედავებიან ორბანის ხელისუფლებას?

13 სექტემბერი, 2018 •
ევროპარლამენტის “სასჯელი” უნგრეთს – რას ედავებიან ორბანის ხელისუფლებას?

ევროპარლამენტმა უნგრეთის ხელისუფლების წინააღმდეგ უპრეცედენტო დისციპლინარული მოქმედების განხორციელებას მხარი დაუჭირა. 12 სექტემბერს გამართულ კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას მხარი დეპუტატთა ორმა მესამედმა დაუჭირა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ორბანის მთავრობა ევროკავშირის ღირებულებებს უხეშად არღვევს.

უნგრეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ანგარიში ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, ჯუდიტ სარჯენტინიმ მოამზადა. დოკუმენტში უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რიგ დარღვევებზე, მათ შორის, მიგრანტთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, პრესისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვაზე, კორუფციაზე, ქალთა უფლებების დარღვევაზე, საარჩევნო სისტემის გაუმართაობასა და სხვა გადაცდომებზეა საუბარი.

ანგარიშის შინაარსს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ ეთანხმება და მას უნგრეთის მიმართ განხორციელებულ ‘შანტაჟს” უწოდებს.

“უნგრეთი განაგრძობს საკუთარი საზღვრების დაცვას, არალეგალური მიგრაციის შეჩერებას და საკუთარი უფლებების დაცვას თქვენგანაც, თუ ეს საჭირო გახდა”, – მიმართა მან ევროპარლამენტარებს.

ევროპარლამენტის კენჭისყრა ორბანის ხელისუფლების “დასჯის” მხოლოდ საწყისი ეტაპია. სანქციების ამოქმედებას ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერების ოთხმა მეხუთედმა უნდა დაუჭიროს მხარი. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ სანქციათა პაკეტს ვეტოს დაადებს.

თუმცა პრეცედენტი ცალსახად მნიშვნელოვანია – ევროპარლამენტმა კენჭი ისტორიაში პირველად უყარა რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიმართ მსგავსი ზომების ამოქმედებას. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმითაც, რომ უნგრეთის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებას მხარი დაუჭირა ევროპის სახალხო პარტიის უმრავლესობამ, რომლის წევრიც თავად ვიქტორ ორბანის პარტიაა.

აღნიშნული პროცედურის აღსრულების შემთხვევაში, ევროპის საბჭოს არაერთი სანქციის დაწესება შეუძლია უნგრეთისთვის. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ხმის უფლების ჩამორთმევა. თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა სახის შეზღუდვების დაწესებას გადაწყვეტს ქვეყნისთვის ბრიუსელი.

გადაწყვეტილების თანმდევი რეაქციები განსხვავებულია. ევროპის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური წრეები ევროპარლამენტის ნაბიჯმა აღაშფოთა. ბრიტანელი დეპუტატი ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის აქტიური მომხრეა, გადაწყვეტილებას ავტორიტარულს უწოდებს. ამავე აზრზეა ნიდერლანდელი, ანტიისლამური რიტორიკით ცნობილი გერთ ვაილდერსი, რომელიც ორბანს გმირად და ნობელის პრემიის ღირსად მიიჩნევს.

განსხვავებულად ფიქრობენ ისინი, ვინც ორბანის ხელისუფლებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. კრიტიკული ანგარიშის ავტორის, ევროპარლამენტარ ჯუდიტ სარჯენტინის აზრით, ევროპარლამენტის ეს ნაბიჯი გზავნილია, რომ ევროკავშირი მოქალაქეთა უფლებებს ყოველთვის დაიცავს. სანქციებს მხარს უჭერს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერიც. “Amnesty International”-ის ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში კი გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას უნგრეთის ოპოზიციური პარტიებიც მიესალმებიან. სოციალისტურ პარტიაში იზიარებენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის ნაბიჯი ისტორიულია და აცხადებენ, რომ ნორმალური დემოკრატიის პირობებში, მთავრობა გადადგებოდა. კიდევ ერთი ოპოზიციური, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის, “დიალოგი უნგრეთისთვის”, განცხადებით, გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირი უფლებებისა და ღირებულებების შელახვას დაუსჯელს არ ტოვებს.

უნგრეთის ევროსკეპტიკოსი, ანტილიბერალური განწყობებით გამორჩეული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 8-წლიანი პაუზის შემდეგ, 2010 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

ბოლოს მიმდინარე წელს აირჩიეს, მისმა პარტიამ კი ქვეყნის პარლამენტში მანდატების 2/3 ამომრჩეველთა ნახევრის მხარდაჭერის პირობებში მიიღო. აღნიშნულის შემდეგ ორბანის მხარდამჭერი წინასაარჩევნო დემონსტრაციები ამავე მასშტაბების მრავალათასიანმა საპროტესტო გამოსვლებმა ჩაანაცვლა. აქციების მონაწილეები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვდნენ.

უნგრეთის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, ევროპარლამენტის მსგავსად, ორბანს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მედიაზე ზეწოლას, სახელმწიფო უწყებების და სასამართლოს მისდამი ლოიალურად განწყობილი კადრებით დაკომპლექტებასა და საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგებას ედავებიან.

თავად ორბანი ძირითადად ევროსკეპტიკურ, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკაზე ორიენტირდება და მიიჩნევს, რომ ევროპაში ლიბერალური დემოკრატია “არალიბერალური, ქრისტიანული” დემოკრატიით უნდა ჩანაცვლდეს. უნგრეთის პრემიერი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის ულტრამემარჯვენე ლიდერებთან, მათ შორის იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინისთან, რომელთანაც “ანტისაიმიგრაციო ფრონტის” შექმნაც დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი