ახალი ამბები

ივანიშვილის პოზიცია კანაფის ექსპორტის იდეაზე “ნეიტრალური” იყო – დეპუტატი

13 სექტემბერი, 2018 • 1853
ივანიშვილის პოზიცია კანაფის ექსპორტის იდეაზე “ნეიტრალური” იყო – დეპუტატი

პარლამენტის ერთ-ერთი წევრი უმრავლესობიდან, ვინც უმრავლესობის სხდომაზე მარიხუანის ექსპორტის წინააღმდეგ წავიდა, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია და რეაქცია შსს-ს ინიციატივაზე კანაფის სამედიცინო მიზნით ექსპორტისათვის იყო “ნეიტრალური”.

მირიან წიკლაურს, პარლამენტში “ოცნების” პარტიული სიით მოხვედრილმა დეპუტატს, “ნეტგაზეთის” კითხვაზე, როგორი პოზიცია ჰქონდა ივანიშვილს კანაფის ექსპორტზე, დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია.

“ინტერპრესნიუსმა” რამდენიმე დღის წინ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპორტის მიზნით მარიხუანის წარმოების დაშვების ინიციატივას ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება. ნეტგაზეთმა ამის შესახებ ჰკითხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესაც, აკაკი ზოიძეს, რომელმაც პასუხს თავი აარიდა და გვითხრა, რომ ივანიშვილი საკუთარ პოზიციას მაშინ გაახმიანებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.

წიკლაურის თქმით, ის არ იყო ერთადერთი უმრავლესობაში, ვინც ინიციატივა დაიწუნა. მისი თქმით, კანონპროექტს მხარს არ უჭერს უმრავლესობის ბევრი დეპუტატი, მათ შორის გედევან ფოფხაძე.

გუშინ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, მარიამ ჯაშმა “ნაჩქარევი” უწოდა სამედიცინო მიზნით საექსპორტოდ მარიხუანის წარმოების შესაძლო დაშვების ინიციატივას. მისი თქმით, ინიციატივა “შეიცავს რისკებს არამხოლოდ ჩრდილოვან ეკონომიკაში, რეგულირების პირობებშიც, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების და ნედლეულის მოხვედრის თვალსაზრისით. ეს არის შიდა რისკი”.

წიკლაური კი ამბობს, რომ ინიციატივას ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მისი ეფექტურობა დადასტურებული არ არის.

[ამ საკითხზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: როგორ გამოიყენებენ კანაფს კოსმეტიკაში და სამედიცინო მიზნებისთვის]

მასალების გადაბეჭდვის წესი