ახალი ამბები

მთავრობა საექსპორტოდ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის წარმოების ლეგალიზებაზე ფიქრობს

11 სექტემბერი, 2018 • 4623
მთავრობა საექსპორტოდ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის წარმოების ლეგალიზებაზე ფიქრობს

მთავრობამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანის წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა გამოცემა “ინტერპრესნიუსმა”.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საკითხი “ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს და ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების ექსპორტზე გატანა იგეგმება.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. ზოიძემ დაადასტურა, რომ უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი პრინციპების დონეზე განიხილეს. ზოიძის თქმით, საუბარი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ მარიხუანის მოხმარების წესებს შეეხო, თუმცა ასევე განიხილეს სამედიცინო მიზნით პროდუქტების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა.

“იყო საუბარი სამედიცინო მიზნით პროდუქტების გატანაზე. მაგრამ, ეს იყო ზოგადი საუბარი. კანონპროექტი არ გვინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ ინიციატივა არ იქნება ინიცირებული მთავრობის მიერ და არ ვნახავთ კონკრეტულ კანონპროექტს.

თვითონ მცენარეზე არ არის საუბარი. საუბარია მცენარის წარმოებაზე; ნივთიერებები გამოიყოს, განცალკევდეს ის ელემენტი, რომელიც ეიფორიის გამომწვევია და ა.შ. მთავარი მომენტი ის გახლავთ, რომ შიდა წარმოება, კულტივაცია და ა.შ. იქნება აკრძალული. საუბარია, რომ ექსპორტით  გავიდეს, როგორც ნახევარპროდუქტი ან შესაბამისი პროდუქტი, რომელიც სჭირდება ფარმაცევტულ წარმოებას. მაგრამ ეს იყო საუბარი. სანამ ეს არ აისახება შესაბამისი კანონპროექტის სახით, მე ვერ დავადასტურებ, რომ კანონში ეს ასე იქნება”, – უთხრა ზოიძემ “ნეტგაზეთს”.

შსს-ში აცხადებენ, რომ მათი კანონპროექტით, საქართველოში მარიხუანის გასაღება კვლავ არ არის დაშვებული. რაც შეეხება საექსპორტოდ წარმოების დაშვებას, უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

ზოიძის განცხადებით, ინიციატივა დეპუტატებს შსს-ს წარმომადგენლებმა გააცნეს, თუმცა საკითხზე დეტალური საუბარი არ ყოფილა.

“ინტერპრესნიუსმა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპორტის მიზნით მარიხუანის წარმოების დაშვების ინიციატივას ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება. აკაკი ზოიძემ აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ ივანიშვილი საკუთარ პოზიციას მაშინ გაახმიანებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი