ახალი ამბები

ზუგდიდის ყოფილი მერი გადადგომამდე ერთ-ერთ საქმეზე სუს-ში გამოკითხეს

13 სექტემბერი, 2018 • 1446
ზუგდიდის ყოფილი მერი გადადგომამდე ერთ-ერთ საქმეზე სუს-ში გამოკითხეს

სუს-ი ადასტურებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელმაც საზოგადოებას გადადგომის შესახებ გუშინ ღამით ფეისბუქით აცნობა, ერთ-ერთი საქმის ფარგლებში გამოკითხეს.

“ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლის ფარგლებში გამოიკითხა ლაშა გოგია”, – მოწერეს ნეტგაზეთს სუს-იდან.

ლაივპრესის ცნობით, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ-ის საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 16 აგვისტოს დაიწყო და ცენტრის საქმიანობის შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.

სუს-ი საქმის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

ლაივპრესისვე ცნობით, 26 აგვისტოს, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მერს მათ შორის ლაშა გოგიას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს. მაშინ ლაშა გოგიამ “ლაივპრესს” განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია “აბსურდია”.

ამავე თემაზე გირჩევთ

ზუგდიდის არჩეულმა მერმა თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი