ახალი ამბები

საზმაუს თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დროებით შეჩერდა – ნინო ზაუტაშვილი

12 სექტემბერი, 2018 • 1792
საზმაუს თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დროებით შეჩერდა – ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დროებით შეჩერდა. მაუწყებლის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ნინო ზაუტაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება დღეს, 12 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

“დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. შეხვედრას მენეჯმენტი, სამეურვეო საბჭო და პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უკვე გამოვითხოვეთ შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროსგან მედიატორის ჩართვა, რაც პროცესების დარეგულირებაში სახელმწიფოს ჩართვას გულისხმობს. ამ წუთას თანამშრომლების დათხოვნის პროცესი შეჩერებულია. თანამშრომელთა დათხოვნა მედიაციის პროცესის დასრულებამდეა შეჩერებული,” – აცხადებს ნინო ზაუაშვილი.

საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტს თანამშრომელთა ნაწილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მენეჯმენტმა მათ ახალი კონტრაქტი წარუდგინა. კონტრაქტის თანახმად, 70-მდე თანამშრომელი “საათობრივი დასაქმების რეჟიმზე” გადადიოდა. იმის გამო, რომ ეს კონტრაქტები მათ არ აძლევდა სრული დატვირთვით მუშაობის გაგრძელების გარანტიას, თანამშრომლებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. კონტრაქტის პირობებით, ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, მაუწყებელი მხოლოდ ორი თვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას იღებდა.

4 სექტემბერს გათავისუფლების ზღვარზე მყოფი თანამშრომლები პროფკავშირთან ერთად შეხვდნენ მაუწყებლის მენეჯმენტს. იქ იმყოფებოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაუტაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ “მენეჯმენტი არ იცვლის პოზიციას”.

3 სექტემბერს ტელევიზიის ადმინისტრაციამ უარყო პროფკავშირის ცნობები და განაცხადა, რომ “შრომითი ხელშეკრულების ცვლილება” მათ შესთავაზეს, ვინც “ფაქტობრივად არ დადიოდა” სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი