ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი: ხელშეკრულების პირობები 70-მდე თანამშრომელს ეცვლება

3 სექტემბერი, 2018 • 2441
საზოგადოებრივი მაუწყებელი: ხელშეკრულების პირობები 70-მდე თანამშრომელს ეცვლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის განცხადებას თანამშრომელთა ნაწილისთვის სამუშაო გრაფიკისა და ანაზღაურების სისტემის შეცვლის შესახებ მაუწყებლის ადმინისტრაცია ეხმაურება. ხელმძღვანელობის თქმით, ცვლილებები თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, გრაფიკისა და სისტემის მოწესრიგებას ემსახურება, სამსახურიდან კი მხოლოდ ისინი თავისუფლდებიან, ვინც სამსახურში “ფაქტობრივად არ დადიოდა”.

ადმინისტრაციის განცხადებით, აღრიცხვიანობის სისტემის გაუმართაობას სახელმწიფო აუდიტის 2015-16 წლების დასკვნაც ადასტურებდა, სადაც რეკომენდაციის სახით თანამშრომელთა დასწრება-აღრიცხვის სისტემის დანერგვა იყო წარმოდგენილი; აღნიშნულის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დასაქმებულთა ნაწილის სამსახურში გამოცხადების მაჩვენებელი “უაღრესად დაბალი” იყო.

“2018 წლის მაისში დასრულდა შენობაში დაშვება-კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოები, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.

სისტემის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად არის გადანაწილებული დატვირთვა, ან არსებული დატვირთვა არასწორად არის ასახული სამუშაო რეჟიმებზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს. ამავდროულად, რიგ თანამშრომლებს მოთხოვნილ სამუშაო რეჟიმზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული სამუშაო საათები აქვთ დაგროვებული.

გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას. შედეგად დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს”, – აცხადებს ადმინისტრაცია.

ხელმძღვანელობის თქმით, ცვლილებების შემდეგ შრომის ანაზღაურება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთი, დღეების მიხედვით განისაზღვრება და სამუშაოს შესრულება დავალების შესაბამისად განხორციელდება. მაუწყებელი აცხადებს, რომ ორგანიზაციიდან არავინ თავისუფლდება იმ ადამიანების გარდა, რომლებიც სამსახურში “ფაქტობრივად არ დადიოდნენ”.

“ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია თანამშრომლთა იმ რაოდენობის შესახებ, რომლებსაც თითქოს შეუცვალეს ხელშეკრულების პირობები, რეალურად, ეს რიცხვი გაჟღერებული რაოდენობის ნახევარსაც არ შეადგენს. საუბარია 70-მდე კადრისთვის ხელშეკრულების პირობების ცვლილების შეთავაზებაზე, რომელთა გაფრთხილებაც, კანონის შესაბამისად, დროულად განხორციელდა”.


საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირმა მაუწყებლის გადაწყვეტილება დღეს, ორშაბათს, აქციით გააპროტესტა. მანამდე,  პროფკავშირის ხელმძღვანელი ნინო ზაუტაშვილი “ნეტგაზეთს” უცხადებდა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 150-მდე თანამშრომელმა გასულ კვირას მენეჯმენტისაგან სამუშაო რეჟიმისა და შრომის ანაზღაურების ფორმის შეცვლის შეთავაზება მიიღო.

“თვიური მოჭრილი ხელფასის ნაცვალად მათ სთავაზობენ საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. შეთავაზებაში გაწერილი არ არის ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ზღვრული ლიმიტი და გრაფიკი, ხოლო ტელევიზიის ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში”, – აცხადებდა პროფკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი