ახალი ამბები

მიხეილ დარჩიაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ადეკვატური აღქმა აქვს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე

24 მარტი, 2014 •
მიხეილ დარჩიაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ადეკვატური აღქმა აქვს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე

ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველონატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” შედგა.

 

“დღევანდელი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, თითოეულმა დელეგატმა ძალზედ დადებითად შეაფასა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში, ჩვენი კონტრიბუცია ავღანეთის წარმატებულ ოპერაციებში, ასევე, თავსებადობის ის დონე, რომელიც ჩვენ ალიანსთან გვაქვს.

 

რაც შეეხება იმას, მზად არის თუ არა საქართველო მაპთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო არის სრულიად მზად მიუერთდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, თავისი ყველა შესაძლელობებით”, – განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

 

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე:

 

“იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოს წინაშე დგას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს სავსებით ადეკვატური აღქმა იმისა, რაც ჩვენს რეგიონში ხდება”, – განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან საქართველოში შეხვედრებს მართავენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველონატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს. ამ წუთებში კი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი