ახალი ამბები

ზურაბიშვილი ინფორმაციის არქონის გამო მაჩალიკაშვილის საქმეზე ვერ ისაუბრებს

12 სექტემბერი, 2018 • 1161
ზურაბიშვილი ინფორმაციის არქონის გამო მაჩალიკაშვილის საქმეზე ვერ ისაუბრებს

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე არ ისაუბრებს, რადგან ამ საქმეზე ინფორმაცია არ აქვს. ზურაბიშვილმა ეს განცხადება “რეაქციის” ეთერში წამყვანის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის არ არის პარლამენტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრი და ამ საკითხზე საუბრის უფლებას ინფორმაციის ნაკლებობის გამო საკუთარ თავს არ მისცემს:

“ამ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და სწორედ როგორც მომავალი პრეზიდენტი და როცა არ გაგაჩნია მთელი ის ინფორმაცია, რომელიც დგას ამის უკან… მე ნდობის ჯგუფში არ ვარ და ამიტომ ის ინფორმაციები, რომელიც უნდა გქონდეს, რომ ამ საკითხზე ილაპარაკო, რომელიც ეხება პანკისს, ეხება ტერორიზმს, ეხება ამ ქვეყნის უსაფრთხოებას, არ იქნება ჩემი მხრიდან პასუხისმგებლიანი პოზიცია, რომ მე რამე აზრი გამოვთქვა ამაზე.

დაინტერესება და იმ ინფორმაციების მიღება,  რომელიც აუცილებელი არის იმისათვის, რომ გამოთქვა პოზიცია ასეთ საკითხზე, არის ორი სხვადასხვა რამ. მე ის ინფორმაციები არ მიმიღია, არ ვარ იმ ადგილას, არც იმ კომიტეტში, არც იმ ნდობის ჯგუფში, არც უმრავლესობაში, სადაც მე შემეძლო მიმეღო უშუალოდ ის ინფორმაცია, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორც პასუხისმგებელი პირი და ხვალ პრეზიდენტი, მე ამ საკითხზე ნამდვილად არ მივცემ ჩემს თავს [უფლებას], რომ გამოვთქვა პოზიცია”, – ამბობს ზურაბიშვილი.


თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს.  2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.

უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

სუს-ის ვერსიას არ იზიარებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC). ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ  მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ექსპერტიზა ხარვეზებით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი