ახალი ამბები

ტელევიზიის ფლობა არ ნიშნავს იმას, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადო – ბახტაძე “იბერიაზე

12 სექტემბერი, 2018 • 1185
ტელევიზიის ფლობა არ ნიშნავს იმას, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადო – ბახტაძე “იბერიაზე

ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ “ომეგა ჯგუფს” სახელმწიფოს მიმართ დავალიანება აქვს და რა ტიპის კომერციულ საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კომპანია, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. მამუკა ბახტაძის თქმით, კომპანიასა და მის აქციონერებს პირადად შეხვდა. პრემიერი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურმა დასაფარი თანხის გამო “ომეგა ჯგუფს” სანქციები 11-ჯერ გადაუვადა.

“ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ. განსაკუთერებით, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ წარმოებაზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს მაინც ქმნის საქართველოში.  შემოსავლების სამსახურმა, თუ სწორად მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადა ამ კომპანიას  იმ სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება. ძალიან ნეგატიური ტენდენცია დავინახეთ, როცა თვეების განმავლობაში ორგანიზაციამ ეს დავალიანება კიდევ უფრო გაზარდა. გადასახდელმა თანხამ თითქმის 51 მლნ ლარს მიაღწია. არსებობს ბიზნესსაქმიანობა და არსებობს თამბაქოს წარმოება, თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ. ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა ტელევიზია აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

“იბერიამ”  7 სექტემბერს განაცხადა მათი დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, “ომეგა ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. თუმცა ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ვახო ხუზმიაშვილს არ უთქვამს, კონკრეტულად რა სახით ეზღუდება მუშაობა ომეგა ჯგუფს.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვს. კომპანიისვე თქმით, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია” ხელისუფლების მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”  – მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში სავარაუდოდ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ  საუბარში “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, რუსთავი 2-ის ცნობით, სავარაუდოდ ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” რუსთავი 2-ზე” უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი