ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვინც ცდილობს გაამართლოს რუსეთის აგრესია, არის აგრესორის და ისტორიის ბნელ მხარეს

12 სექტემბერი, 2018 • 1709
პრეზიდენტი: ვინც ცდილობს გაამართლოს რუსეთის აგრესია, არის აგრესორის და ისტორიის ბნელ მხარეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნებისმიერი, ვინც ცდილობს გაამართლოს რუსეთის აგრესია საქართველოში, აგრესორის და ისტორიის ბნელ მხარეს არის.

ამის შესახებ მარგველაშვილმა სასტუმრო “რუმსში” განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია “მსოფლიო თავდაყირა 2018” მიმდინარეობს.

“საქართველოს პრეზიდენტს ბევრ დედაქალაქში მოუწევს ჩასვლა და ადვოკატირება, მათ შორის მთავარი- რუსეთის საკითხზე. ნათელია, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს; არ არსებობდა არანაირი ლეგიტიმური მიზეზები, რომელიც რაიმენაირად გაამართლებდა ამას. ნებისმიერი, ვინც ცდილობს გაამართლოს რუსეთის აგრესია ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე, არის აგრესორის მხარეზე და ისტორიის ბნელ მხარეს”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს  რუსეთსა და 2008 წლის ომზე.

წაიკითხეთ: “ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა” – ზურაბიშვილი 2008 წელსა და ცხინვალზე

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და მის ნებისმიერ კომენტარს ჯარისკაცები ისმენენ.

“ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც შენ იღებ, რელევანტურია მათი სამსახურის, სადაც სიცოცხლეს სწირავენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ აგრესორისთვის ცეცხლის გახსნას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


მოკლედ: 

8 აგვისტო, 2018: პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველო დაადანაშაულა აგვისტოს ომის დაწყებაში. მან ეს განცხადება ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.

9 სექტემბერი, 2018: პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განმარტება იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, სრულად შეესაბამება “ქართული ოცნების” პოზიციას. “ოცნებამ” განაცხადა, რომ საპრეზიდნეტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი